რუსთავის ჰაერის გაუმჯობესების საკითხზე საწარმოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვის მინისტრი დავით სონღულაშვილი, მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და პარლამენტის დეპუტატები ესწრებოდნენ - ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბიზნესსექტორთან გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ქალაქ რუსთავში მოქმედი საწარმოების კონტროლს კიდევ უფრო გააძლიერებს. აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ყველა მსხვილი საწარმოს ინსპექტირებას.
"სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად შევხვდით საწარმოების წარმომადგენლებს და მათგან მოვისმინეთ ინფორმაცია მიმდინარე საკითხებზე, რომლებმაც პოზიტიური გავლენა უნდა მოახდინოს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. რა თქმა უნდა, მაღალია ინტერესი, თუ როგორ მუშაობენ საწარმოები რუსთავში და რას აკეთებენ იმისთვის, რომ მოხდეს გადაიარაღება და თანამედროვე სტანდარტების დანერგვა", - აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ქალაქ რუსთავში, ბოლო წლების განმავლობაში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით გარკვეული პროგრესი უკვე მიღწეულია, თუმცა გამოწვევები ისევ არსებობს.
"არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდა იმისათვის, რომ ქალაქ რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების დანერგვაა, რომელიც დღეს თითქმის ყველა საწარმოს აქვს. თუმცა, ბოლო პერიოდში ქალაქ რუსთავში შეიმჩნევა უსიამოვნო სუნის გავრცელება. ჰაერის დაბინძურების კუთხით გამოწვევები კვლავ აქტუალურია. სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა შეხვედრა საწარმოების წარმომადგენლებთან", – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
სამინისტროს ცნობით, რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023–2025 წლების გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს, რომლის მთავარი პრიორიტეტებია სამრეწველო, სამშენებლო და სატრანსპორტო სექტორებიდან წარმოშობილი დამაბინძურებელი ნივთიერებების შემცირება.
"ქალაქ რუსთავში ფუნქციონირებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელსაწყო-დანადგარებით და უზრუნველყოფს გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ სრულყოფილი მონაცემების უწყვეტ, 24 საათიან მიწოდებას", - ნათქვამია განცხადებაში.




























