ინგლისის ნაკრების უახლეს ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელი გარეტ საუთგეიტი ეროვნულ ნაკრებს აღარ უხელმძღვანელებს.
ინგლისელს “სამ ლომთან” ერთად ყველაზე წარმატებული სვლა ჰქონდა, როცა უკანასკნელი 4 დიდი ტურნირიდან სამში გუნდი მინიმუმ ნახევარფინალურ სტადიამდე მიიყვანა.
“როგორც ამაყი ინგლისელისთვის, ჩემთვის პატივი იყო ინგლისის რიგებში თამაში და შემდეგ მისი მწვრთნელობა. ნაკრები ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს და მეც ყველაფერი გავიღე, რაც შემეძლო. ცვლილებებისა და ახალი თავის დაწყების დროა. კვირას ბერლინში ესპანეთის წინააღმდეგ ნათამაშები ფინალი ჩემთვის უკანასკნელი იყო “სამი ლომის” თავკაცის პოსტზე. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციაში 2011 წლიდან ვმუშაობ იმისათვის, რომ გავაუმჯობესო ჩვენი ფეხბურთი. ჩემი საწვრთნელო მუშაობის 8 წლიან პერიოდში უამრავი ადამიანის მხარდაჭერა ვიგრძენი, რისთვისაც მადლობა მათ. ჩვენი გუნდი უამრავი ახალგაზრდა ტალანტითაა დახუნძლული და მათ მომავალში ტიტულის მოგების შანსი ექნებათ. ინგლისს მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები გვყავს, რომელთა მხარდაჭერაც ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. მომავალში მეც გულშემატკივრებთან ერთად ვიზეიმებ ჩვენს წარმატებებს, რადგანაც ვიცი, რომ ჩვენს ნაკრებს ეს შეუძლია. მადლობა ინგლისს ყველაფრისთვის”, - წერია საუთგეიტის გამოსამშვიდობებელ წერილში.
გარეტ საუთგეიტი ინგლისის ნაკრების მწვრთნელად 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა და ამ დრომდე პირველად 28 წლის მანძილზე 2018 წლის მუნდიალზე შეძლო ნახევარფინალურ სტადიამდე მიღწევა, პირველად 55 წლის განმავლობაში შეძლო სანაკრებო ტურნირის ფინალურ ეტაპამდე მისვლა (ევრო 2020) და ითამაშა იმაზე მეტი ნახევარფინალი ან ფინალი (3) ვიდრე ყველა მისმა წინამორბედმა ერთად.
ცნობისთვის, საუთგეიტს ინგლისის ნაკრებთან კონტრაქტი მიმდინარე წლის დეკემბრის ჩათვლით აკავშირებდა და სანაკრებო დონეზე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი იყო 5,8 მილიონი ევროთი.