მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარი კასპაროვმა დონალდ ტრამპი კრემლის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა

გარი კასპაროვი

ჭადრაკში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა და რუსმა ოპოზიციონერმა, გარი კასპაროვმა ვლადიმირ პუტინთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოება უშედეგოდ შეაფასა და დონალდ ტრამპი მოსკოვის ინტერესების მსახურებაში დაადანაშაულა.

რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ კრემლი ომის დასრულებას არ აპირებს და, ამიტომ საერთაშორისო ძალისხმევა უკრაინის გამარჯვებისკენ უნდა მიიმართოს. ოპოზიციონერის მტკიცებით, ამ ომით პუტინი მიზნად დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფოს განადგურებას ისახავს და მას ამ გეგმაზე უარი არ უთქვამს. კასპაროვმა ხაზი გაუსვა, რომ საომარი მოქმედებების გაგრძელების სურვილზე რუსეთის სამხედრო დანახარჯები და ოფიციალური გზავნილებიც მიუთითებს.

ამასთან, პოლიტიკოსმა ისიც აღნიშნა, რომ რეალურად კრემლის მომავალს რუსული იერიშების მიმართ უკრაინის გამძლეობა გადაწყვეტს. მისი განმარტებით, თუ კიევი მშვიდობიან მოსახლეობაზე მიტანილ დარტყმებს გაუძლებს, რუსული რეჟიმი ჩამოიშლება. კასპაროვი აღნიშნავს, რომ მოქმედი რეჟიმის მარცხი დემოკრატიულ გარდაქმნას ავტომატურად არ უზრუნველყოფს, თუმცა ეს პროცესი ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების შესაძლებლობას გააჩენს.

რაც შეეხება ვაშინგტონის პოლიტიკას, კასპაროვმა თეთრი სახლის ლიდერი რუსული დიზელის შესყიდვის ნებართვის გაცემისა და სანქციების შესუსტების გამო მწვავედ გააკრიტიკა. ოპოზიციონერმა ამ გადაწყვეტილებას ამერიკული კანონმდებლობისა და თავად ტრამპის მიერ ხელმოწერილი შეზღუდვების უხეში დარღვევა უწოდა.

კასპაროვის შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული ზეწოლა არჩევნებამდე სამი კვირით ადრე მისსავე მძიმე მდგომარეობას უკავშირდება.

ცნობისთვის, გარი კასპაროვი 2013 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და ორგანიზაცია Free Russia Forum-ს ხელმძღვანელობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები