მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილი EBRD-ის პრეზიდენტს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

63f0a1447d6ce
BM.GE
18.02.23 14:00
936
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა ოდილ რენო ბასომ მიუნხენში, კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართეს.

პრემიერ-მინისტრმა EBRD-ის პრეზიდენტს ოდილ რენო ბასოს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უწევს საქართველოს ევროპული მისწრაფებების გზაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს ბანკის დაფინანსებით მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც ხორციელდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, განათლების, ენერგეტიკის, საბანკო სექტორისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.

პრემიერ-მინისტრმა EBRD-ის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ ქვეყანა მსოფლიოში მიმდინარე ურთულესი გამოწვევების ფონზე აგრძელებს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, ინარჩუნებს მდგრადობასა და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას.

„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შევხვდი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ ოდილ რენო ბასოს. მადლობელი ვარ საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებში მნიშვნელოვანი რეფორმების მხარდაჭერისთვის და ქვეყნის სტრატეგიული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

EBRD-თან თანამშრომლობის განმავლობაში საქართველოში განხორციელდა 4.9 მილიარდ ევრომდე მოცულობის მხარდაჭერა საჯარო და კერძო სექტორში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები