მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორი ირაკლის (გ)ამოცანა – ელენე კვანჭილაშვილი, რედაქტორის სვეტი

ელენე

ირაკლი კობახიძე – საქართველოს პრემიერმინისტრად, ირაკლი ღარიბაშვილი – ქართული ოცნების თავმჯდომარედ – სიახლემ, რომელიც მოცემულობად მოგვაწოდეს, დეტალური ახსნა–განმარტების ან იმ მიზეზების გაანალიზების გარეშე, რამაც დღის წესრიგში ორი ირაკლის გადანაცვლება დააყენა, ყველაფრის მიუხედავად, წარბები მაღლა კიდევ ერთხელ აგვაზიდინა.

რატომ გადანაცვლდნენ?

„ოცნების“ ოფიციალური მესიჯ–ბოქსია, რომ ამის მიზეზი შიდა დემოკრატიაა. ღარიბაშვილმა პრემიერის რანგში ბოლო ბრიფინგზე პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილება როტაციის პრინციპის დანერგვის აუცილებლობით ახსნა – მისი თქმით, გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა. ამ ლოგიკით ყველაზე წარმატებული ამ ეტაპზე ირაკლი კობახიძე აღმოჩნდა. ICC Georgia-ს თავმჯდომარე ფადი ასლი ორი ირაკლის გადანაცვლების ვერც ეკონომიკურ და ვერც უფრო ფართო პოლიტიკურ მიზეზს ვერ ხედავს. „ვერ ვხედავ რაიმე ეკონომიკურ მიზეზს ან უფრო ფართო პოლიტიკურ მიზეზს იმისთვის, რომ საქართველოს შეეცვალა ერთი რადიკალური პრემიერმინისტრი კიდევ უფრო მეტად რადიკალური პრემიერმინისტრით – ამბობს ფადი ასლი „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში – ეს არ გაზრდის ქართული ოცნების პოპულარობას ოპოზიციური ამომრჩევლის თვალში. ჩემთვის, მაგალითად, უფრო გასაგები იქნებოდა, თუ კახა კუჭავას დანიშნავდნენ. ის უფრო მოიგებდა ამომრჩევლების გულს ოპოზიციიდან. მაგრამ ამ შემთხვევაში, პრემიერმინისტრის ცვლილება შიდა [პარტიულ] პრობლემებთან დაკავშირებული უნდა იყოს, რის შესახებაც ინფორმაცია არ მაქვს“.ჩემს კითხვაზე – დააბნია თუ არა ICC Georgia-ს წევრი ინვესტორები ამ გადანაცვლებამ – ფადი ასლის პასუხია, რომ ინვესტორებმა იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობასთან აქვთ საქმე. „ივანიშვილმა შეცვალა ჰალსტუხის ფერი – ერთ დღეს ეს შეიძლება იყოს ყვითელი, მეორე დღეს – ლურჯი, მაგრამ ეს არ შეცვლის მის ხედვას, მის სტრატეგიას. ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე გავლენა ან რაიმე ცვლილება იქნება. ვერც ექსტრა–პესიმიზმის ან ოპტიმიზმის საბაბს ვხედავ“ – ამბობს ფადი ასლი „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში.

კრიტიკის გარეშე გადამდგარი პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილის დროს საქართველოს ეკონომიკამ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ზრდა აჩვენა – მაშინ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები იყვნენ პირველები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ რუსეთ–უკრაინის ომს საქართველოს ეკონომიკაზე ბუსტერის გავლენა ჰქონდა. ქართული ოცნება ეკონომიკის ზრდას დღემდე მთლიანად ღარიბაშვილის მიერ ქვეყანაში გატარებულ მშვიდობის პოლიტიკას მიაწერს.ამავე პერიოდში უპრეცედენტოდ მაღალი ინფლაციაც იყო – მათ შორის, ბევრი ისეთი ფაქტორით გამოწვეული, რაც მთავრობის გადაწყვეტილებებსაც უკავშირდებოდა – ძირითადად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მწვანე შუქის შემდეგ, ქვეყნისთვის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მოზიდული სახსრების ხარჯზე, სხვადასხვა მიმართულებით სუბსიდიების გაცემას – თუმცა, პოლიტიკის გადაწყვეტების გამო მთავრობას მაშინ ნაკლებად აკრიტიკებდნენ, მთელი კრიტიკა ეროვნული ბანკის მიმართ იყო – რომლის პირდაპირი მანდატია ფასების სტაბილურობა.პირადად ირაკლი ღარიბაშვილიც ქართულ ოცნებაში არავის გაუკრიტიკებია – არც ეკონომიკის, სოციალური პოლიტიკისა თუ საგარეო-პოლიტიკური კურსის გამო – ამდენად, სავარაუდოა, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა ამ მიმართულებებით დიდად არ შეიცვლება. თუმცა, შეიცვლება თუ არა საქართველოს აღქმა – მით უმეტეს იმ პირობებში, როცა დღეს, რუსეთ–უკრაინის ომის ფონზე, ირაკლი ღარიბაშვილს ისეთი თემების აწევა მოუწია, რომლებიც სხვა შემთხვევაში დღის წესრიგში ალბათ გვიან ან საერთოდ არ დადგებოდა.მაგალითად: ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება; 9 დათქმა, რომელიც საქართველოს შესასრულებელი აქვს იმისთვის, რომ წლის ბოლოს ჩვენთვისაც – უკრაინის და მოლდოვას მსგავსად – ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნას.ან მაგალითად: შუა დერეფანთან დაკავშირებული საკითხები – დღეს უკვე კონკრეტული რიცხვებიც სახელდება: 10 მილიარდი შესაძლო დაფინანსება, მათ შორის, EIB-ისა და EBRD-ისგან – რაც ამ მარშრუტის კომერციულ კონტურებს გამოკვეთს, რითაც ის გაცილებით უფრო მიმზიდველი შეიძლება გახდეს ინვესტორებისთვისაც და რაც თავის მხრივ, მის რეალურ, კონკურენტულ ალტერნატივად ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს.„ჯეოქეისი“–ს თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ პრემიერის შეცვლასთან დაკავშირებული კითხვები არსებობს და ამ კითხვებზე დეტალური პასუხებია გასაცემი, რადგან ქვეყნის აღქმას და რეპუტაციას დღეს იმაზე მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ოდესმე ჰქონია. „ეს კითხვები გვაწუხებს არა მარტო ჩვენ, არამედ ქვეყნის გარეთაც ისმის ეს კითხვები – ამბობს ვიქტორ ყიფიანი „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში – და ამაზე ჩვენ გვიწევს ხშირად გონების დაძაბვა, როგორ გავცეთ იმდენად გამართული პასუხი, რომ არც საკუთარი რეპუტაცია შევილახოთ და არც ის ხიდი ჩავტეხოთ, რაც ჩვენს პარტნიორებთან არსებობს და ამავე დროს არც თვალთმაქცურები გამოვჩნდეთ, როგორც საკუთარ თვალში, ასევე ჩვენი პარტნიორების თვალში – სწორედ აქ არის პრობლემათა პრობლემა“.ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ შესაძლოა კითხვებზე დამაჯერებელი პასუხი არსებობს და ისურვებდა ამ დამაჯერებელი პასუხების მოსმენას, მაგრამ მისივე თქმით, დრო გადის, კითხვები მატულობს, მათზე ადეკვატური პასუხები კი კითხვების რაოდენობას ვერ ეწევა.ჩემს ჩაკითხვაზე – თუ დამაჯერებელი პასუხები არსებობს კითხვაზე, რატომ გადანაცვლდა ორი ირაკლი, მაშინ რა ლოგიკაა, ამ პასუხებისგან თავის შეკავება – ვიქტორ ყიფიანს ასეთი პასუხი აქვს: „მოგეხსენებათ, მე არც ქართული ოცნების წევრი ვარ, არც აქტივისტი და მით უმეტეს, არც პოლიტსაბჭოს წევრი. ჩვენ ვიცით ერთი, რომ შედგა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც უკვე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. როგორი იყო სხდომის მიმდინარეობა; რა იყო არგუმენტაცია პრემიერის ჩანაცვლების, რომელიც ბოლო წუთამდე ითვლებოდა ერთ–ერთ წარმატებულ პრემიერად – ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვეყრდნობით ქართული ოცნების ნარატივს და ყოველ შემთხვევაში, გადადგომის განცხადებამდე, არანაირი მითითება, არანაირი მინიშნება, არანაირი კრიტიკა მის ხარვეზიან მუშაობაზე ჩვენ არ მოგვისმენია, რაც თუნდაც ოდნავ გაგვიჩენდა ჩვენ მოლოდინს ამ საკადრო ცვლილებისა – რა თქმა უნდა, ამაში არის ის გაუგებრობა, რბილად რომ ვთქვათ და მეტწილად უხერხულობა, რაც უქმნის ქვეყანას რეპუტაციულ რისკებს, როგორც საკუთარი ამომრჩევლის საკუთარი მოქალაქეების თვალში, ასევე – ქვეყნის გარეთ“.ვიქტორ ყიფიანს ასევე მიაჩნია, რომ ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნისთვის, „ემოციური დიპლომატია ცალ ფეხზე და ორ ფეხზე დგომის და ასეთი ეპისტოლარული ჟანრი უკვე ნაკლებად დაგვეხმარება. საკუთარი ამომრჩევლების ემოციებზე თამაში ან ჩვენი ევროპელი პარტნიორების ემოციებზე თამაში ნაკლებად იქნება სასარგებლო – ამ შემთხვევაში გეოპოლიტიკური კონტექსტი გვერდით გადაიწევს, ის ბოლომდე არ გაქრება, მაგრამ საქართველოს განვლილი გზის შეფასება დაეფუძნება იმას, რომ ეს 9 რეკომენდაცია იყოს რეალურად შესრულებული და არა ვითომ შესრულებული. შეფასება დაეფუძნება რეალურ შედეგებს, რეალურ მერიტოკრატიას“.

ჩინეთის ფაქტორი

კიდევ ერთი ასპექტი დიდ სურათში ჩინეთია. 2023 წლის ზაფხულში პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ერთად შეთანხმებას „სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ. ამას „ოცნება“ თავისი საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიღწევად აფასებს. ირაკლი ღარიბაშვილს პირადი კავშირებიც ჰქონდა ჩინეთის ერთ-ერთ სახელმწიფო კომპანიასთან, CEFC-სთან, რომელსაც საქართველოშიც ჰქონდა ინიციატივები.ჩინეთთან ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულებაა დაკავშირებული – მათ შორის, შუა დერეფანიც და უფრო კონკრეტულად ანაკლიის პორტიც. 24 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაცია ‘სამოქალაქო იდეა’–ს თავმჯდომარე თინა ხიდაშელმა ანალიტიკა–ს უთხრა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის ტენდერში სავარაუდოდ სწორედ ჩინურ–სინგაპურულ კონსორციუმს მიანიჭებს უპირატესობას.რამდენად მოსალოდნელია ჩინეთთან მიმართებით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები – იმ ფონზე, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებამ დიდი კრიტიკა დაიმსახურა – მთავარი არგუმენტი კი ის იყო, რომ დოკუმენტი მთლიანად ჩინური მხარის მიერ დაწერილს ჰგავდა და საქართველოს ინტერესებს მინიმალურად ან საერთოდ არ ითვალისწინებდა.ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამის – "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" – მიხედვით, რომელიც კობახიძემ პარლამენტს დღეს წარუდგინა, განსაკუთრებული ყურადღება ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობას დაეთმობა – მათ შორის, არა მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, არამედ, უფრო ფართოდ – ხალხთაშორისი, კულტურის, განათლების, სექტორულ და სხვა სფეროებში. აქამდე, ყოფილი პრემიერების სამთავრობო გეგმაში, აზიასთან ურთიერთობა ძირითადად ,ე.წ. შუა დერეფნისა და აბრეშუმის გზის კონტექსტში განიხილებოდა."განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციის ფარგლებში ურთიერთობების განვითარებას დოკუმენტით განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით, მათ შორის კავშირების გაღრმავებას სავაჭრო-ეკონომიკური, ხალხთა შორისი, კულტურის, განათლების, სექტორულ და სხვა სფეროებში, ისევე როგორც საერთაშორისო ფორმატებში არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დღის წესრიგის შენარჩუნება და აქტიური თანამშრომლობა ევროპასა და აზიას შორის საქართველოს გავლით ტვირთბრუნვის მოცულობების გაზრდის თვალსაზრისით", - წერია პროგრამაში.

რატომ ირაკლი კობახიძე?

2024 წელი საარჩევნო წელია. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო ფიტჩმაც გაამახვილა ამ წელზე ყურადღება საქართველოს სუვერენული რეიტინგის თავის ბოლო განახლებაში, სადაც საქართველოს ისევ 2 ბიჯი რჩება საინვესტიციო რეიტინგამდე.Fitch Ratings-ის ანგარიშში განსაკუთრებით საინტერესოა მმართველობასთან დაკავშირებული რისკების ანალიზი. გავლენიანი საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება დღეს პოლიტიკურ კონკურენციაზეა გადართული იმისთვის, რომ არჩევნები მოიგოს. მათივე შეფასებით, მმართველობას ყველაზე დიდი დარტყმა ამ ეტაპზე სებ–ის კანონთან დაკავშირებულმა თემებმა და მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არსებულმა დაპირისპირებამ მიაყენა.„მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, საქართველო მმართველობის ხარისხით უსწრებს თავის მსგავს ქვეყნებს, თუმცა მმართველობის ხარისხის აღქმას დარტყმის ქვეშ აყენებს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები და მთავრობასა და პრეზიდენტს შორის მზარდი დაპირისპირება, რომელიც 2023 წელს პრეზიდენტის შეუმდგარი იმპიჩმენტის მცდელობაში გადაიზარდა“ – აღნიშნულია Fitch Ratings-ის ანგარიშში.საქართველო Fitch Ratings-ში ამ დრომდე ჯერ კიდევ ე.წ. junk – ანუ ნაგვის კატეგორიაშია.რა შემთხვევაში ამოვალთ ნაგვიდან – ფიტჩ რეიტინგსი ამბობს, რომ ამ მიზნის მისაღწევად, ეკონომიკური ლოგიკისთვის, ეკონომიკასთან დაკავშირებული რეფორმებისთვის პრიორიტეტის მინიჭებაა აუცილებელი – მათ შორის, ევროკავშირთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად აუცილებელი 9 დათქმის ზედმიწევნით შესრულება.EPRC-ის უფროსი ანალიტიკოსი შოთა ღვინერია მიიჩნევს, რომ დღეს ყველა ვარაუდი გამოცნობანას თამაშს ემსგავსება, თუმცა თუ ორი ირაკლის გადაადგილებას ბიძინა ივანიშვილის სცენაზე გამოსვლასთან ერთად გავაანალიზებთ და დავფქირდებით, რატომ შეიძლებოდა ის მოსულიყო და რით არ იყო ის კმაყოფილი – მაშინ გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ მთავარი კითხვის ნიშნები რუსეთთან საქართველოს ურთიერთობებსა და ევროკავშირის კანდიდატობაში უნდა ვეძებოთ.„თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს ღარიბაშვილთან არის, პირველ რიგში, ალბათ ის, რომ თუ ამოცანა იყო კანდიდატის სტატუსის მიღების ან ჩაგდება ან გაწელვა ან კიდევ უფრო მეტად გადავადება, რაც ჩემი ვარაუდით – ამბობს შოთა ღვინერია „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში“ – იყო ამოცანა და ამის ვარაუდის საფუძველს მაძლევს ქართული ოცნების რიტორიკა და ნაბიჯები მთელი ამ პროცესის განმავლობაში – მაშინ მან [ღარიბაშვილმა] ეს ამოცანა ჩააგდო. ჩვენ კანდიდატის სტატუსი მაინც მოგვცეს და თუ ახლა ის არის საჭირო, რომ რუსეთს კიდევ უფრო დავუახლოვდეთ, კიდევ უფრო მაამებლური პოლიტიკა ვაწარმოოთ რუსეთის მიმართ და კიდევ უფრო ღია გახდეს და აშკარა რუსეთთან ურთიერთობების „დალაგება“ და მოწესრიგება, მაშინ ამისთვის კობახიძე იქნებოდა იდეალური კანდიდატურა“.შოთა ღვინერია ამბობს, რომ მის ამ ვარაუდს ქართულ პოლიტიკაში ირაკლი კობახიძის ფიგურის რაობა განაპირობებს. „თუ დავუკვირდებით, რა ფიგურაა ირაკლი კობახიძე ქართულ პოლიტიკაში მე, მისი მონაწილეობით და მისი პასუხისმგებლობის ქვეშ, პირველ რიგში, მახსენდება ორი ეპიზოდი – ეუბნება EPRC-ის უფროსი ანალიტიკოსი „ანალიტიკა“– ს – პირველი იყო გავრილოვის ეპიზოდი, როცა პირველად გამოჩნდა რუსეთის მიმართულებით „დალაგების“ პოლიტიკის ტენდენციები და ამ პროცესის თავში იყო მაშინ კობახიძე და მეორე – როცა არჩევნების შემდეგ, ღრმა კრიზისი იყო და შარლ მიშელმა თავის თავზე აიღო ამ კრიზისის მედიაციის საკითხი – აქაც ერთ–ერთი მთავარი ფიგურანტი იყო ის და აქაც დავინახეთ, რომ ღიად „გადავაგდეთ“ ევროპელები და ესეც არის კობახიძის კისერზე“. ჩემს ჩაკითხვაზე – რამდენად ლოგიკური და რაციონალური იქნება ფსონის დადება რუსეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად დათბობაზე არჩევნების წინ, როცა ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა ევროინტეგრაციის მომხრეა და გავრილოვის ღამის თუ ე.წ. რუსული კანონის მაგალითზე უკვე დაამტკიცა, რომ ყველა კრიტიკულ მომენტში სწორედ ამ მთავარი ასპირაციის თანმიმდევრული რჩება – შოთა ღვინერია მპასუხობს, რომ ქართული ოცნების სტრატეგია შესაძლოა ისეთ ნაბიჯებს დაეფუძნოს, როგორიც იყო, მაგალითად, რუსეთთან ფრენების აღდგენა.„დღეიდან არჩევნებამდე არ გვექნება დიდი ან მკაფიო ეტაპი. კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. არჩევნებამდე მოლაპარაკებების გახსნაზე გადაწყვეტილების მიღებას მე არ ველოდები. აქედან გამომდინარე, ეს ნაბიჯები არ არის აუცილებელი, რომ იყოს ისეთი თვალსაჩინო და ისეთი დიდი ნაბიჯები, როგორიც იყო თავის დროზე გავრილოვის ჩამოყვანა – ამბობს შოთა ღვინერია „ანალიტიკა“–სთან – ველოდები ისეთი ტიპის ნაბიჯებს, როგორიც იყო ფრენების აღდგენა – ძალიან მკაფიო ნაბიჯი რუსეთისკენ – რომელსაც დიდი საზოგადოებრივი ვნებათაღელვა არ გამოუწვევია. სწორედ ასეთი – ფრენების აღდგენის მსგავსი – ნაბიჯები, რომლებიც ძალიან მკაფიოდ თვალშისაცემი არ იქნება საზოგადოების უმრავლესობისთვის, თუმცა საქმით დაუმტკიცებს რუსეთს რომელ მხარეს დგას დღეს საქართველო – ასეთი ნაბიჯების გადადგმას ველოდები მე ამ გადაადგილების შედეგად უფრო მკაფიოდ, ვიდრე აქამდე იყო“.რაც შეეხება ღარიბაშვილს, EPRC-ის უფროსი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი შიდა პოლიტიკურ ჭრილში უფრო ეკონომიკურ, ფინანსურ საკითხებთან იყო დაკავშირებული თავის გუნდთან ერთად, რასაც კორუფციულ სქემებთან და ნეპოტისტურ ქსელებთან დაკავშირებული საკითხებიც თან ახლდა.

არის თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ წასვლის მიზეზი ისევ კორუფცია?

ამ კითხვაზე პასუხი დღეს ისეთი ცალსახა არ არის, როგორც პირველად წასვლის დროს იყო, როცა ჟურნალისტებმა მაშინდელი პრემიერისგან ახალი წლის მისალოცი ბარათები ისე მივიღეთ, რომ ის უკვე აღარ იყო ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრი.ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ახლაც და მაშინაც სრულიად დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება. თუმცა, მაშინ ივანიშვილი ღარიბაშვილის ნეპოტიზმზე საჯაროდ მიანიშნებდა. დღეს უკვე ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს ასეთი რამ აქვს ნათქვამი: “რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, შენი პრობლემა იქნება შენი ნათესავები და დაცვა, რომ საზოგადოება არ გააღიზიანო არც ერთით და არც – მეორით .. ამ მხრივ მას ჰქონდა გამოწვევები”. სხვათაშორის, ირაკლი კობახიძემ მაშინ თქვა, რომ “თვალნათლივ გამოჩნდა, რომ ამ კუთხით პრობლემები არსებობდა” – თუმცა, ამტკიცებდა, რომ ეს პრობლემები მოგვარებული იყო.ახლა, როცა 2023 წლის ბოლოს, 30 დეკემბერს ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ პოლიტიკაში ისევ ბრუნდება – ხაზი კორუფციის რისკების საგანგებო დაზღვევის საჭიროებას ისევ გაუსვა. თუმცა, სამჯერ გაიმეორა, რომ პრემიერი არ შეიცვლებოდა. არადა, ზუსტად 1 თვეში ღარიბაშვილმა პრემიერმინისტრის პოსტი უკვე მეორედ დატოვა.

რა იცვლება?

ორი ირაკლის გადანაცვლების მიუხედავად, მთავრობა თითქმის უცვლელი შემადგენლობით რჩება. ერთადერთი ცვლილება თავდაცვის მინისტრს – ჯუანშერ ბურჭულაძეს ეხება, რომელმაც თავადაც დაგვიდასტურა და მანამდე, ირაკლი კობახიძემაც გვითხრა, რომ თავისი ნებით ტოვებს პოსტს, რადგან სხვა სფეროში სურს ძალების მოსინჯვა და სავარაუდოდ, ნატოში საქართველოს ელჩობას დათანახმდება.GIPA–ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა ბაკურ კვაშილავამ “ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში ერთი ასეთი მომენტი გაიხსენა: „როცა ღარიბაშვილმა დატოვა თანამდებობა, მან ბრიფინგზე თქვა: ‘ირაკლი კობახიძეს ვუსურვებ, რაც შეიძლება მალე ჩამოაყალიბოს გუნდი, მე შემომთავაზეს, რომ ზაფხულში წავსულიყავი, მაგრამ მე ვთქვი, რომ ეხლა უნდა წავიდე იმიტომ, რომ მას მივცე თავისი დამოუკიდებელი, სამთავრობო გუნდის ჩამოყალიბების უფლება’. რა მოხდა მერე? კობახიძემ მეორე დღეს განაცხადა, რომ ის მხოლოდ ერთ მინისტრს ცვლის და ყველას ტოვებს. გამოდის, ფაქტობრივად, ამაზე მსჯელობა არ ყოფილა – იმიტომ, რომ ეს [გადანაცვლება] იყო ისეთი მოვლენა, რომელსაც არცერთი მხარე არ ელოდა და მაქსიმუმ, გაიგეს, ჩვენზე, ალბათ, ერთი კვირით ადრე. აქედან გამომდინარე საუბარი, რომ პოლიტიკა შეიცვლება – ამაზე მსჯელობა ქართულ ოცნებასთან მიმართებით არასერიოზულია“.

P.S.

ვარაუდებით გაჯერებული სვეტი გამოვიდა. თუმცა, ქართული ოცნების და მით უფრო, მისი საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დუმილის ფონზე, დღეს მხოლოდ ეს შეგვიძლია. ორი ირაკლის გამოცანის გამარჯვებულ პასუხს მხოლოდ დრო და ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები გამოავლენს. ასე რომ, ალბათ რამდენჯერმე მოგვიწევს ამ ვარაუდების ერთმანეთისთვის შეხსენება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები