„ძალიან ბევრი დაფინანსება მოემართება არასამთავრობოების ანგარიშებზე. ასეულობით მილიონი დოლარი აქვთ მიღებული მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა.. გაუმჭვირვალეა მათი მიზნები“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
ამავე ინტერვიუს დროს ირაკლი ღარიბაშვილმა ის არასამთავრობო ორგანიზაციები დაასახელა, რომლებიც მისი მოსაზრებით, დესტრუქციული ქმედებებით არიან დაკავებული.
„ჩამოვთვლი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ცნობილია მისი დესტრუქციული ქმედებებით - პირველი ეს არის ე.წ. „სირცხვილიას“ მოძრაობა, რომელიც პირდაპირ ფინანსდება უცხოეთიდან, მათ შორის უცხოეთის სახელმწიფო ორგანიზაციებიდან. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ორგანიზაცია ითხოვდა მთავრობის გადადგომას, ჩემს გადადგომას, ძალიან ბევრი დესტრუქციული ქმედება ხორციელდება მათ მიერ.
ჩვენ კიდევ ვიცით ერთი პროვოკაციული მოძრაობა „თბილისი პრაიდი“, რომელიც აპირებდა მეტად პროვოკაციული ღონისძიებების, ე.წ. პრაიდების ჩატარებას, ამან ძალიან დიდი მღელვარება გამოიწვია, ეს ყველაფერი უკავშირდება მათ დესტრუქციულ ქმედებებს.
ასევე, ორგანიზაცია EMC, შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ მე ვიცი ძალიან კარგად, თუ რამდენად დესტრუქციული ქმედებებით არის დაკავებული ეს ორგანიზაცია, ეს ადამაინები პირდაპირ ემსახურებიან შუღლის გაღვივებას, ძალიან ბევრ პროვოკაციაში არიან ჩართული.
კიდევ გამოვყოფდი „საერთაშორისო გამჭირვალობას“ და ISFED-ს, რომელმაც პირდაპირ გაყალბებული მონაცმები წარმოადგინა არჩევნების დღეს, პარალელური დათვლის შედეგბი იყო გაყალბებული, რომელიც შემდგომ მათ აღიარეს. ჩვენი ამოცანაა, ვიცოდეთ თუ რას ემსახურება მათ საქმიანობა, ეს იყო მთავარი მოტივაცია“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ მმართველმა პარტიამ „უცხოური აგენტების“ შესახებ რუსული კანონპროექტი დააინიცირა, რომელიც პარლამენტმა 7 მარტს, პირველი მოსმენით მიიღო და ვენეციის კომისიასაც გადაუგზავნა, თუმცა საზოგადოების მასობრივი პროტესტის შემდეგ, 9 მარტს მათი უკან გამოწვევა გადაწყვიტა, 10 მარტს კი კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩავარდა.