მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ღარიბაშვილი პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს შეხვდა

628621bddf6e8
მარიამ ვარადაშვილი
19.05.22 15:00
420
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

“მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება. აშშ-ის მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა.
აგრეთვე, საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ დონეზე, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას. უკრაინაში ამ დრომდე 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთია გაგზავნილი და გრძელდება ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ხალხის დახმარება, რომლებიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობენ”, - წერია განცხადებაში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობას და ითქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ამ პროცესში აშშ-თან თანამშრომლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის მხრიდან - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე მარკ სიმაკოვსკი, თავდაცვის მდივნის ოფისის წარმომადგენელი (ბალკანეთის, კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის საკითხები) ჯეისონ ჰემი და დერეკ შოლეს საგანგებო მრჩეველი ფლორენს აქინიმი ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები