მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ღარიბაშვილმა და ვარჰეიმ ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით პროექტების დაფინანსების გზები განიხილეს

637399dd23501
ინგა მურუსიძე
15.11.22 17:44
446
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, წამყვანი საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად, ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების გზები განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირთან ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობა პრიორიტეტულია როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის.

"საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, გაიმართა მსჯელობა ენერგეტიკისა და კავშირგაბმულობის სფეროებსა და სავაჭრო მიმართულებით არსებულ თანამშრომლობის საკითხებზე.

"მხარეებმა განიხილეს პრიორიტეტული პროექტები შავ ზღვაში დაკავშირებადობის მიმართულებით", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ სტრატეგიული პროექტების ნუსხა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს, ხოლო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს თვისებრივად ახალ დონეზე გადაიყვანს.

"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს, თავისი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპის ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მიმართულებით.

გაფართოებულ შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო აგრეთვე ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები და მათი იმპლემენტაციის დინამიკა. ხაზი გაესვა საქართველოსთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ ხელშეკრულებების ამოქმედების შედეგად მოტანილ კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს", - ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

შეხვედრას, ევროკომისიისა და საქართველოს დელეგაციებთან ერთად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები