მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ წელს საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს - მთავრობის ადმინისტრაცია

63f0e88fc5cd0
ინგა მურუსიძე
18.02.23 18:58
938
საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო ის ძირითადი საკითხები, რომელთა შესახებაც ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესის შესახებ, რომელთა დიდი ნაწილი სრულადაა შესრულებული, საკანონმდებლო აქტების ნაწილი კი, დასკვნისათვის გაგზავნილია ვენეციის კომისიაში.

"აქვე ხაზგასმით აღინიშნა ევროკომისიის მიერ ცოტა ხნის წინ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში, რომელიც ასახავს საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობის კუთხით.

პრემიერმა შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისია, პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და წელს მოხდება კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილების მიღება, რაც საქართველოსთვის დამსახურებული კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა.

პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის პროექტის მნიშვნელობის შესახებ. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ამ პროექტით მოხდება განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობები ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის.

საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში რუსეთის აგრესიას და მის გავლენას საქართველოზე, რეგიონსა და ზოგადად მსოფლიოზე", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები