მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გზავნილი იყო რუსეთისთვის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება? - ღარიბაშვილი ფორუმზე

6475a879bf679
ინგა მურუსიძე
30.05.23 11:39
451
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს, ეს ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომა იქნება.

ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ერთ-ერთი დისკუსიის დროს, პრემიერს აგენტების შესახებ რუსულ კანონთან დაკავშირებით ჰკითხეს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს ინიციატივა არსებობდა, თუმცა უკან იქნა გაწვეული და ეს უკვე წარსულია. პრემიერის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია საუბარი არა კანონზე, რომელიც ისედაც არ იქნა მიღებული, არამედ კანდიდატის სტატუსზე, რომელიც საქართველომ სრულიად უსამართლოდ ვერ მიიღო.

„მინდა საუბარი წარვმართო ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების მიმართულებით. ჩვენ ვმუშაობთ 12 პრიორიტეტის განხორციელებაზე. უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსით სარგებლობენ, საქართველოს არ მიეცა ეს სტატუსი. ჩვენ გვესმის, რომ ეს იყო ბონუსი მოლდოვასთვის და უკრაინისთვის. ძალიან გვიხარია მათი სახელით, თუმცა როგორ ფიქრობთ, რატომ არ მიეცა საქართველოს სტატუსი? კითხეთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, მე ვიცი რასაც მეუბნებიან, მაგრამ თქვენ რას ფიქრობთ? ეს იყო უსამართლო, ნამდვილად დაუსაბუთებელი, არამიზანშეწონილი ნაბიჯი. რა გზავნილია რუსეთისთვის ეს? ჩვენ ვტოვებთ საქართველოს, რომელიც უკრაინას და მოლდოვას სამჯერ ჯობს, წინ არის, ვიდრე ეს ორი ქვეყანა. ჯობია, ეს კითხვა დაუსვათ ევროპელ მეგობრებს, რატომ არ მისცეს საქართველოს სტატუსი. არც განმარტება არ გაგვაჩნია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მოდერატორის კითხვაზე, 12 პრიორიტეტი არის თუ არა მნიშვნელოვანი, პრემიერი პასუხობს: „მოლდოვას და უკრაინასაც მისცეს ეს 12 პრიორიტეტი, მაგრამ სტატუსი წინასწარ მიანიჭეს, ეს არის განსხვავება, ამიტომ არ გვესმის, რატომ?. უკრაინა ომშიაო გვითხრეს - ჩვენც ვიყავით ომში 2008 წელს, ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. მოლდოვა რთულ სიტუაციაში არისო, რაციონალური ნიშანი აქ არ არის. თუ საქართველო ამ სტატუსს ვერ მიიღებს წლის ბოლოს, ეს იქნება უშველებელი შეცდომა“.

რაც შეეხება მომავლის გეგმებს, თუ რას გააკეთებს საქართველო, თუკი სტატუსი არ მიიღო, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო გააგრძელებს წინსვლას, რეფორმებს, მაგრამ ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, სტატუსის არმინიჭება იქნება უშველებელი პოლიტიკური შეცდომა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები