საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ 2025 წელს სექტორში დაკრედიტების ზრდის ტემპი ორნიშნა ნიშნულზე შენარჩუნდება და 15%-თან ახლოს იქნება.
როგორც “საქმის კურსის” ეთერში ასოციაციის პრეზიდენტმა განაცხადა, ცალკეული ბიზნეს სექტორების მიმართულებით დაკრედიტება შენელებულია. ალექსანდრე ძნელაძის თქმით, დაკრედიტების ტემპის შენელებაზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ეს შესაძლოა იყოს როგორც ქვეყანაში არსებული ვითარება, ასევე რეგიონში არსებული დაძაბულობა.
თუმცა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ზრდის ტემპი მაინც ორნიშნა ნიშნულზე შენარჩუნდება, რაც მისი შეფასებით, დადებითი მაჩვენებელია.
“2024 წელს [დაკრედიტების] ზრდის ტემპი საკმაოდ მაღალი იყო და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამანაც იმოქმედა 2025 წელზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არცერთი ექსპერტი არ ამბობს, რომ საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი ორნიშნა ნიშნულზე ნაკლები იქნება წლევანდელ წელს, რაც ასევე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იქნება და კარგ მაჩვენებლადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. 15%-თან ახლოს იქნება ზრდის ტემპი, ანუ 10-ზე მეტი იქნება და ეროვნული ბანკი 10-12%-იან ზრდის ტემპის მაჩვენებელს რეკომენდაციას უწევდა წინა წლებშიც, ანუ ვერ ვიტყვით, რომ ეს აცდენილი არის ვთქვათ იმ მოლოდინებზე, რაც მათ შორის მარეგულირებელს და კომერციულ სექტორს აქვს. წლევანდელი წელი შესაძლოა, უფრო მოკრძალებული იყოს წინა წლებთან შედარებით, როდესაც მაღალი ზრდის ტემპი იყო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რაიმე ერთ კონკრეტულ ფაქტორს უნდა ვუყუროთ ამასთან მიმართებაში.
რა თქმა უნდა, შედარებით შენელებულია გარკვეული სექტორები. ამაზე [მოქმედებს] როგორც ქვეყანაში არსებული სიტუაცია, ასევე რეგიონში და მსოფლიოში არსებული გამოწვევები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ზემოქმედებს ამაზე და კონკრეტულ კომპანიებთან მიმართებაში, კონკრეტულ ბიზნეს სექტორებთან მიმართებაში, ამას შეიძლება კიდევ უფრო მეტი ან ნაკლები ზემოქმედება მოახდინოს”, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.




























