მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასაჯაროვდეს მთავრობის ყველა მრჩევლის ვინაობა და ფუნქცია - GRECO-ს რეკომენდაცია

მთავრობის ადმინისტრაცია კანცელარია მთავრობა

ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი“ (GRECO) რეკომენდაციას უწევს გამჭვირვალობის გაზრდას საქართველოს მთავრობაში მრჩევლების დანიშვნასთან დაკავშირებით.

საქართველოს მე-5 რაუნდის ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშის მიხედვით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, მთავრობაში დასაქმებული მრჩევლების სრული სია არ არსებობს, ვინაიდან არ მოქმედებს მათი სახელების, გვარებისა და ფუნქციების პროაქტიულად გამჟღავნების ვალდებულება. შესაბამისად, რეკომენდაციაა, რომ გასაჯაროვდეს მრჩევლების ვინაობა და ფუნქციები.

„გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი როლის გათვალისწინებით, ხელისუფლებაში ყველა მრჩევლის სახელი, გვარი და ფუნქცია უნდა გახდეს საჯარო და ადვილად ხელმისაწვდომი“,- წერია ანგარიშში.

ამასთან, GRECO-ს რეკომენდაციაა, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების მრჩევლებმა, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, მისმა მოადგილეებმა და მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გაიარონ კეთილსინდისიერების შემოწმება, როგორც მათი დასაქმების შემადგენელი ნაწილი ინტერესთა შესაძლო კონფლიქტის გამოვლენისა და მათი მართვის მიზნით.

GRECO აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის მრჩევლების დანიშვნამდე არ ტარდება კეთილსინდისიერების შემოწმება, რომელიც უზრუნველყოფს სათანადო ინფორმაციას გადაწყვეტილების მისაღებად. თუმცა, ასეთი კეთილსინდისიერების შემოწმება გადამწყვეტია, რათა თავიდან იქნას აცილებული ინტერესთა კონფლიქტი დანიშვნამდე. ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილეები და მთავრობის საპარლამენტო მდივანი, რომლებიც ასევე არ შეირჩევიან კონკურსის წესით, არ ექვემდებარებიან კეთილსინდისიერების შემოწმებას დანიშვნამდე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ასრულებენ მნიშვნელოვან როლს მთავრობის საქმიანობის წარმართვასა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში.

ცნობისთვის, მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებულთა ვინაობის და სახელფასო ანაზღაურების შესახებ საჯარო ინფორმაცია BMG-მ სამინისტროებიდან, ასევე მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოითხოვა, თუმცა უწყებების ნაწილისგან ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები