საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აცხადებს, რომ დასავლელი, კერძოდ კი ევროპელი ინვესტორების ნდობა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ კვლავ მაღალ ნიშნულზეა. მისი თქმით, ამას სტატისტიკური მონაცემები და საერთაშორისო ბაზარზე ქართულ ფასიან ქაღალდებზე არსებული მოთხოვნა ადასტურებს.
დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ალეხანდრო ჰაშდენბერგმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც თურნავამ ჟურნალისტის კითხვაზე, რას აკეთებს სები იმისთვის რომ დასავლური ინვესტიციები დაბრუნდეს ეკონომიკაში უპასუხა, რომ ამ თვალსაზრისით გასაკეთებელი კიდევ ბევრია, მაგრამ ევროპელი ინვესტორების ნდობა კვლავაც მაღალია.
შეგახსენებთ, გასულ წელს FDI 7.6%-ით, $1.68 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. საქსტატის თანახმად, ინვესტიციების მთავარი მდგენელი კვლავ არსებული კომპანიების მიერ განხორციელებული რეინვესტიციებია, რაც გასულ წელს 1.4 მილიარდი დოლარი იყო, ეს მთლიანად საინვესტიციო ნაკადის 83%-ს შეადგენდა.
"საქართველოს ეკონომიკამ სხვადასხვა გარე შოკებთან მიმართებით გამოავლინა მყარი მედეგობა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება არ არის მარტივი, ჩვენი ეკონომიკური ზრდა წლების განმავლობაში ძლიერია. ბოლო 5 წელში ჩვენი ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.3% იყო და ეს არ არის დაკავშირებული რომელიმე კონკრეტულ ერთ ფაქტორთან. ეს [ზრდის] ტენდენცია გრძელდება წელსაც. 2026 წელი არ არის მარტივი, იმიტომ რომ ახალი გლობალური გამოწვევით დაიწყო.
რაც შეეხება ინვესტიციებს, ის რა თქმა უნდა ეკონომიკური ზრდის და განვითარების ერთ-ერთი ნაწილია. ჩვენ ვხედავთ კონკრეტული ფაქტებიდან, რომ ინვესტორთა ნდობა საქართველოს მიმართ არა თუ კლებადი, არამედ მზარდია. მზარდია სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე, თუნდაც მაკროეკონომიკური სტაბილურობიდან გამომდინარე. ეს განსაკუთრებით წარმოჩინდა განსაკუთრებით პრობლემატური გამოვლინებების ფონზე ჩვენს რეგიონში. ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. ფუნდამენტური ფაქტორები ძლიერია, საერთაშორისო რეზერვები მზარდია, ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს, სავალუტო ბაზარზე სტაბილურობაა. ეს არის ფაქტორები, რომლებიც იწვევს ინვესტორთა ნდობას. კარგი დადასტურება იყო სულ ახლახან ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ევრობონდების გამოშვება. როგორც სარკეში ისე ჩანს, რამდენად ენდობა ინვესტორი საქართველოს. შემოთავაზებული ევრობონდების რაოდენობასთან შედარებით 5.5-ჯერ მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა ჩვენს ევრობონდებზე და ეს ასახავს მაღალი ხარისხის ნდობას საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ.
რა თქმა უნდა, გამოწვევა ბევრია, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს მომზადებული ვხვდებით და მზად ვართ, ყველა ადეკვატური ზომა მივიღოთ, რომ მომავალშიც ეს იყოს დაცული.
რაც შეეხება უშუალოდ ევროპელ ინვესტორებს, მე გირჩევთ, გაეცნოთ სტატისტიკას, თუ შეხედავთ ვინ არის TOP-5 ქვეყანა საიდანაც ინვესტიციები შემოდის, ტრადიციულად აღმოაჩენთ იქ დიდ ბრიტანეთს,ნიდერლანდებს, აშშ-ს და EU-ს წევრ სხვა ქვეყნებს. მათ შორის ბოლო სტატისტიკაში იყო მალტაც.
ამ თვალსაზრისით გასაკეთებელი კიდევ ბევრია, მაგრამ ევროპელი ინვესტორების ნდობა კვლავაც მაღალია და მე ავხსენი მიზეზები", - განაცხადა ნათია თურნავამ.




























