მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გასაოცარი ეკონომიკური ზრდის" ნარატივი ზღაპარია" | რატომ ელის ეკონომისტი სტაგნაციას 2026 წელს?

გიორგი ხიშტოვანი

„ის რომ „გასაოცარი ეკონომიკური ზრდის“ ნარატივი ზღაპარია, მგონი, ნელ-ნელა ყველა დარწმუნდა“, - ამ დასკვნამდე მივიდა ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი, რომელიც 2025 წლის განმავლობაში მაკროეკონომიკურ და სხვადასხვა ოფიციალურ მაჩვენებელს ხშირად აანალიზებდა. ეკონომისტს პოზიტიური მოლოდინი არც 2026 წელთან მიმართებით აქვს. „არ გამოვრიცხავ, ეს იყო ის გარდამტეხი წერტილი (tipping point), რომლის შემდეგაც ეკონომიკა მართლაც დაჩქარებულ სტაგნაციას დაიწყებს“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში ეკონომიკაში 2025 წელს არსებული შედეგების შეჯამებისას, რაზედაც ვრცლად BMGTV-ის გადაცემა „წერტილშიც“ ისაუბრა.

ეკონომისტი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და მმართველი გუნდის პოლიტიკას საგანგაშოს უწოდებს. მისი შეფასებით, ის, რასაც ხელისუფლება "ეკონომიკურ წარმატებას“ არქმევს, სინამდვილეში მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის არაფრისმომცემი „ვირტუალური რეალობაა“, ხოლო ქვეყნის მართვის სტილი სულ უფრო მეტად ემსგავსება 100 წლის წინანდელ ბოლშევიკურ მოდელს.

კორუფციასთან ბრძოლა, როგორც პოლიტიკური იარაღი

ინტერვიუს ერთ-ერთი ცენტრალური თემა „ქართული ოცნების“ მიერ კორუფციასთან ბრძოლის დეკლარირება იყო. გიორგი ხიშტოვანი მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძის გააქტიურება ამ მიმართულებით არა კორუფციის წინააღმდეგ სისტემური ბრძოლა, არამედ რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობაა.

„ირაკლი კობახიძეს სჭირდება თავისი ნიშა - კორუფციასთან მებრძოლის იმიჯი. ამით ის თავის პოტენციურ მოწინააღმდეგეებს ანეიტრალებს. მეორე მხრივ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბრაზი. დღეს გავიგეთ, რომ ადამიანს ერთ წელიწადში 4 მილიარდი დოლარი დაუკარგავს. მისთვის ადამიანურად რთულია, როცა თავად ამხელა თანხას კარგავს, მის გარშემო კი ყველა 10-ჯერ და 15-ჯერ მდიდრდება. როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძემ დაარწმუნა ის, რომ კორუფციასთან ბრძოლა აზრიანია“, - აღნიშნა მან.

ეკონომისტი ასევე ყურადღებას ამახვილებს ფისკალურ პრობლემებზე და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს უბრალოდ აღარ აქვს ფული კორუმპირებული ჯგუფების შესანახად.

„პირობითად, ბიუჯეტიდან 3% ან 5% მიდიოდა პირდაპირ „ქართული ოცნების“ და მასთან დაახლოებული ბიზნესჯგუფების ჯიბეში. იმ 5%-ის რესურსი დღეს „ქართულ ოცნებას“ აღარ გააჩნია, რომ კვებოს ეს ჯგუფები სახელმწიფო ხარჯზე, რაც ეკონომიკაში პრობლემების ნიშნებზეც მითითებს“, - აცხადებს ის.

ეკონომიკის „ვირტუალური ზრდა“ და რეალური სექტორების სტაგნაცია

გიორგი ხიშტოვანმა „წერტილთან“ ინტერვიუში ვრცლად ახსნა, რატომ მიაჩნია, რომ „გასაოცარი ეკონომიკური ზრდის“ ნარატივი ზღაპარია. მისი დაკვირვებით, რაც ოფიციალური მონაცემებითაც დასტურდება, ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი - ის სექტორები, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილია დასაქმებული, დაბალი ტემპით იზრდება ან საერთოდ არ იზრდება.

„რეალური ეკონომიკა საქართველოში 4-5 სექტორისგან შედგება: მშენებლობა, უძრავი ქონება, მრეწველობა, ვაჭრობა და სოფლის მეურნეობა. არცერთი მათგანი არ იზრდება 3%-ზე მაღალი მაჩვენებლით. რეალური ეკონომიკა, სადაც დასაქმებულია მოსახლეობის 70%, პრაქტიკულად არ იზრდება. მეტიც, მესამე კვარტალის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირებულია... ბოლო ოთხ წელიწადში მეორედ და ბოლო სამ წელიწადში პირველად, 2025 წლის ნოემბერში, წინა წლის ნოემბერთან შედარებით, ხელფასის მიმღებთა რაოდენობა შემცირდა 1%-ით (დაახლოებით 10 ათასი ადამიანით), ამიტომ, ფრიად საყურადღებო იქნება მომავალი თვეების რიცხვების ნახვა“, - აცხადებს ეკონომისტი.

გიორგი ხიშტოვანის დაკვირვებითვე, ეკონომიკის სტატისტიკურ ზრდას, რომელიც წელს სავარაუდოდ, 7%-ზე მაღალი იქნება, ძირითადად, ორი ფაქტორი განაპირობებს:

  1. IT სექტორი და მიგრაცია: „იზრდება ინფორმაცია და კომუნიკაცია (დაახლოებით 30%-ით). ეს დიდწილად უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომლებიც ომის შემდეგ შემოვიდნენ. ისინი აქ გადასახადებსაც არ იხდიან, პროექტებს გარედან აკეთებენ და ამ ზრდას საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე ეფექტი არ აქვს. ეს ზრდა არის ვირტუალური.“
  2. სახელმწიფო ხარჯები: „ეკონომიკა იზრდება სახელმწიფოს მიერ გაზრდილი ხარჯებიდან გამომდინარე - განათლების სექტორი 25%-ით, საჯარო მმართველობა 10-12%-ით. ეს ხარჯები 2026 წელს ვეღარ გაიზრდება.“

ეკონომისტი ყურადღებას ამახვილებს ხელფასების ზრდის ტემპის მკვეთრ შენელებაზეც, რაც მოსახლეობის ჯიბეზე პირდაპირ აისახება:

„2023-2024 წლებში ხელფასების რეალური ზრდა 12-დან 16%-მდე იყო. 2025 წელს კი, ინფლაციის გათვალისწინებით, რეალური ზრდა მხოლოდ 5-5.5%-ია. ტემპი მნიშვნელოვნად შენელებულია... ეს ფაქტორები რომ ავიღოთ, უკვე ცხადია, კრიზისში შედის ეკონომიკა. ფაქტია, ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორებში სტაგნაცია გვაქვს“, - აცხადებს გიორგი ხიშტოვანია.

რამდენად რეალურია 2026 წელს ეკონომიკის 5%-იანი ზრდა? - ვკითხეთ ეკონომისტს, რაზედაც გიორგი ხიშტოვანმა გვიპასუხა, რომ აღნიშნული რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრებაზეც არის დამოკიდებული.

“თუ ომი დამთავრდა, ეკონომიკის ის სექტორებიც კი, სადაც მაღალი ზრდაა, შეიძლება სწრაფ რეჟიმში ჩამოიშალოს. რა იზრდება ასევე საკმაოდ კარგად?! - ტრანსპორტი და ლოგისტიკა. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გავხდით რუსეთთან ვაჭრობის ჰაბი”, - ამბობს ეკონომისტი.

„უკან წარსულში“ - ბოლშევიზმის აჩრდილი

ინტერვიუს დასასრულს გიორგი ხიშტოვანმა პარალელი გაავლო საბჭოთა წარსულთან. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ეკონომიკური ხედვა და ასევე, ბიზნესთან ურთიერთობის ფორმა სახიფათოა.

„ყველაფერი, რასაც ვუსმენ „ქართული ოცნების“ ახალ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, მახსენებს 100 წლის წინანდელ პერიოდს - თუ როგორ ფიქრობდნენ ბოლშევიკები საბჭოთა კავშირის მართვას, როცა უნდოდათ ფასების კონტროლი, ბიზნესზე კონტროლის გააქტიურება და ა.შ.... საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ და რამაც სისტემა დაანგრია. ჩემი აზრით, „წერტილი“ უნდა დაესვას საქართველოში წარსულში დაბრუნებას“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები