მიზანმიმართული „გაშავების“ კამპანია, რაც ჩემი მისამართით აქტიურად მიმდინარეობდა ვითომდა სამართლიანობის ქვეშ, აღმოჩნდა ყველაზე უსამართლო, პირადი შურისძიება, რაც დაიწყო გუნდის შიგნით მყოფი ადამიანების მიერ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.
მიქაუტაძის თქმით, საქმეზე არავის გაჰყოლია და ყოველთვის მოქმედებდა ისე, რომ იცოდა, ემსახურებოდი სახელმწიფო ინტერესებს.
„უკიდეგანო ტყუილია, რომ [ესპანეთში სავაჭრო ცენტრი ვიყიდეთ], სისულელეა. რომ ვერაფერი ნახეს, ვერც მისამართი და ვერც ვერაფერი, მერე მკითხეს, მაკლერს თუ იცნობ ან თუ შეხვედრილხარ ესპანეთშიო, არასდროს ეგეთ ადამიანებს არ შევხვედრილვარ. იმედია დაიჯერეს.
გამოძიებამ ჩამომართვა, ამოიღო ჩემი ტელეფონი, მერე მკითხეს კოდი, რაც, რა თქმა უნდა, ვუთხარი. მაგრამ გამოძიების მასალებში მხვდება პატაკი, სადაც პირმა, რომელმაც ჩემზე ინფორმაციები მიაწოდა, თურმე ასევე მიაწოდა ჩემი ტელეფონის კოდი და აქედან გაიგეს, არადა მე ვუთხარი. ეს რა საჭირო იყო? მიზანი, ალბათ, იყო, რომ კარგი ფონი მომზადებულიყო, რომ ეთქვათ ტყუილები: თითქოს არაფერს ვამბობ, მათ კითხვებს არ ვუპასუხე, არ ვიქცევი ისე, როგორც უნდა მოიქცეს კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე.
ჟარგონულად ვიტყვი, მე არავის გავყოლივარ საქმეზე, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიცოდი, რომ ვემსახურებოდი სახელმწიფო ინტერესებს. მიზანმიმართული „გაშავების“ კამპანია, რაც ჩემი მისამართით აქტიურად მიმდინარეობდა ვითომდა სამართლიანობის ქვეშ, აღმოჩნდა ყველაზე უსამართლო, პირადი შურისძიება, რაც დაიწყო გუნდის შიგნით მყოფი ადამიანების მიერ, რაც დადასტურებულია სუს-ის თანამშრომლის ჩვენებით“, - განაცხადა "ინტერპრესნიუსის" ცნობით, მიქაუტაძემ.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურის ინფორმაციით, მიქაუტაძე ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
ამ ეტაპზე პროკურატურა მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334
ლარი.




























