მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასტრონომიის სააგენტო შეფმზარეულებს რეგულარულად შეხვდება | რა განიხილეს პირველ შეხვედრაზე

გასტრონომიის სააგენტო

გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, დარგობრივი შეხვედრის ფარგლებში, შეფმზარეულებთან ერთად, სექტორში არსებული გამოწვევები, ქართული კულინარიის განვითარების შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაში რესტორნების, გასტრონომიული პროექტებისა და პროფესიული სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული კულინარიისა და დარგის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შეხვედრის მონაწილეები სააგენტოსთან რეგულარული კონსულტაციების ფორმატში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, გასტრონომიის ეროვნული სააგენტო დარგის წარმომადგენლებთან, პროფესიულ ასოციაციებთან და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობს. სააგენტოს მიზანია დარგის განვითარება, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და ქართული გასტრონომიის პოპულარიზაცია.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული განათლების გაძლიერებას, პრაქტიკული სწავლების მნიშვნელობას და ახალგაზრდების მხარდაჭერას. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონული კულინარიული ტრადიციების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაზე, ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობაზე, ხარისხის დაცვაზე, ქართული სამზარეულოს საერთაშორისო ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდაზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, დღეს რა გამოწვევების წინაშე დგას სექტორი, რა მიმართულებებს სჭირდება მეტი მხარდაჭერა და თვითონ შეფმზარეულები როგორ ხედავენ ქართული კულინარიის განვითარების მომავალს. ჩვენი ამოცანაა, სააგენტო იყოს პლატფორმა, რომელიც დარგთან ერთად იმუშავებს როგორც პრობლემების იდენტიფიცირების, ისე ახალი შესაძლებლობების შექმნისა და ქართული გასტრონომიის საერთაშორისო აღიარების მიმართულებით“, - განაცხადა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან ქარუმიძემ.

შეფმზარეულებმა გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოსთან დიალოგის მზადყოფნა გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მათთვის, უპირველესად, მნიშვნელოვანია პრობლემების სწორად განსაზღვრა.

„არსებული პრობლემების გადაწყვეტა მნიშვნელოვანია როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორის დონეზე. რა თქმა უნდა, საუბარია, ქართულ გასტრონომიაზე, მის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დავინახე, ეს ორმხრივი მზაობაა იმისათვის, რომ დიალოგი არ იყოს ფორმალური, არამედ იყოს საქმიანი და შინაარსიანი“, - განაცხადა პროფესიულ კოლეჯის „იკაროსის“ კულინარიული პროგრამების ხელმძღვანელმა მანუელ ფაუნდესმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, გასტრონომიის ეროვნული სააგენტო პრემიერის 2026 წლის 18 ივნისის დადგენილებით შეიქმნა. სააგენტოში ამ ეტაპზე 30 თანამშრომელია დასაქმებული. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სააგენტოს დაფინანსება 2027 წელს 5.7 მილიონი ლარი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები