გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოში ამ ეტაპზე 30 თანამშრომელია დასაქმებული. სააგენტოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ჰყავს, დეპარტამენტების ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესი კი ჯერ დასრულებული არ არის.
როგორც BM.GE-ს სამინისტროში განუცხადეს, სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეები თამარ მაისურაძე, მაია ღავთაძე და სერგო ჩიჩიანი არიან.
რაც შეეხება დეპარტამენტებს, უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ადმინისტრაციული პროცესი მიმდინარეობს და დეპარტამენტების ხელმძღვანელად ჯერ მხოლოდ სამი პირია დანიშნული. საქმე ის არის, რომ მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული საშტატო ნუსხის მიხედვით, ქარუმიძის უწყებაში 12 დეპარტამენტია.
სამინისტროში განმარტავენ, რომ დანარჩენ დეპარტამენტებში ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სააგენტოს ბიუჯეტი 2027 წელს 5.7 მილიონი ლარი იქნება.
ცნობისთვის: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელად 3 აგვისტოს ლევან ქარუმიძე დაინიშნა.
იქამდე, 18 ივნისს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში ახალი სსიპ-ის შექმნის შესახებ დადგენილება გამოსცა, ხოლო სააგენტოს დებულება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 15 ივლისს დაამტკიცა.
დებულების მიხედვით, სააგენტოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება. უწყების სტრუქტურაში 10-მდე დეპარტამენტი და სამსახური შეიქმნება, მათ შორის - გასტრონომიული მემკვიდრეობის, განვითარების, პოპულარიზაციისა და პროექტების მართვის დეპარტამენტები, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების, იურიდიული, ადამიანური რესურსებისა და ანალიტიკის სამსახურები.
სააგენტოს უფლებამოსილებებს შორისაა ეროვნული გასტრონომიული მემკვიდრეობის კვლევა, დოკუმენტირება და ციფრული აღრიცხვა, ტრადიციული პროდუქტებისა და ენდემური კულტურების პოპულარიზაცია, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების მხარდაჭერა, რეგიონული გასტრონომიული მარშრუტების განვითარება, პროფესიული განათლების ხელშეწყობა და საერთაშორისო დონეზე ქართული გასტრონომიის პოპულარიზაცია.
სააგენტო დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მის მიერ გაწეული მომსახურების საფასურიდან და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან.
























