გასტრონომიის ეროვნულმა სააგენტომ დარგობრივი შეხვედრები დაიწყო. უწყების ცნობით, პირველი შეხვედრა ქართული ყველის ტრადიციული წარმოების საკითხებს მიეძღვნა და მასში გასტრონომიის მკვლევარები, ყველის მწარმოებლები, ფერმერები, მეცნიერები, დარგობრივი ასოციაციებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სააგენტოს ინფორმაციით, პირველ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ყველის დამზადების მრავალფეროვანი ტრადიციების არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარების ინიციატივა განიხილეს, იმსჯელეს ასევე რეგიონებში არსებული უნიკალური ცოდნის შესწავლაზე, დოკუმენტირებაზე, ავთენტობის დაცვის მექანიზმების შექმნასა და სამომავლოდ ქართული ყველის UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში წარდგენის შესაძლებლობაზე.
„გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ინიციატივაა საქართველოში ყველის დამზადების მრავალფეროვანი ტრადიციების არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარება. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია როგორც დარგობრივი სახელმწიფო უწყებების, ასევე სამეცნიერო საზოგადოებისა და უშუალოდ ყველის ტრადიციული მწარმოებლების, ასოციაციებისა და თემების ერთობლივი ძალისხმევა. ეროვნული ნომინაციის მომზადება საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესია. სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს როგორც ისტორიას, ასევე დარგის ამჟამინდელ მდგომარეობას“, - განაცხადა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან ქარუმიძემ.
საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიის თავმჯდომარის ანა მიქაძე-ჩიკვაიძის თქმით კი, სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების, მეწარმეებისა და სახელმწიფო უწყებების ერთ სივრცეში გაერთიანება დარგში არსებული პრობლემების ერთობლივად გადაჭრას შეუწყობს ხელს.
„დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ უფრო გამიმყარა აზრი, რომ გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს შექმნა მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილება იყო, რათა სახელმწიფოს, მეწარმეების, მკვლევარების, მეცნიერების, ეთნოგრაფებისა და არქეოლოგების ერთ სივრცეში გაერთიანებით ყველის მიმართულებით არსებული საკითხები ერთობლივად გადავჭრათ. საქართველოში ჯერ კიდევ უამრავი ყველი და რძის პროდუქტი გვაქვს აღმოსაჩენი, შესასწავლი და დასარეგისტრირებელი“, - აღნიშნა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ.
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დარგის გამოწვევების იდენტიფიცირებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებთან და ბიზნესსექტორთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
ცნობისთვის: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელად 3 აგვისტოს ლევან ქარუმიძე დაინიშნა.
იქამდე, 18 ივნისს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში ახალი სსიპ-ის შექმნის შესახებ დადგენილება გამოსცა, ხოლო სააგენტოს დებულება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 15 ივლისს დაამტკიცა.
დებულების მიხედვით, სააგენტოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება. უწყების სტრუქტურაში 10-მდე დეპარტამენტი და სამსახური შეიქმნება, მათ შორის - გასტრონომიული მემკვიდრეობის, განვითარების, პოპულარიზაციისა და პროექტების მართვის დეპარტამენტები, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების, იურიდიული, ადამიანური რესურსებისა და ანალიტიკის სამსახურები.
სააგენტოს უფლებამოსილებებს შორისაა ეროვნული გასტრონომიული მემკვიდრეობის კვლევა, დოკუმენტირება და ციფრული აღრიცხვა, ტრადიციული პროდუქტებისა და ენდემური კულტურების პოპულარიზაცია, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების მხარდაჭერა, რეგიონული გასტრონომიული მარშრუტების განვითარება, პროფესიული განათლების ხელშეწყობა და საერთაშორისო დონეზე ქართული გასტრონომიის პოპულარიზაცია.
სააგენტო დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მის მიერ გაწეული მომსახურების საფასურიდან და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან.
























