მიმდინარე წლის 23 ოქტომბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით, როცა ჩინეთში შოპინგის ყოველწლიური ფესტივალი იმართება, ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Xiaomi-მ ქვეყნის უდიდეს ონლაინ მაღაზიებში $3.11 მილიარდის მოწყობილობები გაყიდა, რაც კომპანიისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
ამის პარალელურად, მკვეთრად იმატა ვაჭრობის ბრუნვამ იმ პლატფორმებზე, სადაც მომხმარებლები Xiaomi-ს და სხვა კომპანიების მიერ წარმოებულ პროდუქტებს ყიდულობენ - JD.com-მა რეკორდული გაყიდვები დააფიქსირა, Alibaba-მ კი შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა.
როგორც ირკვევა, Xiaomi-ის გაყიდვების საკმაოდ დიდი წილი კომპანიის მიერ გამოშვებულ ახალ ფლაგმანურ მოწყობილობაზე, Xiaomi 14-ზე მოდის, რამაც, როგორც კომპანიაში ამბობენ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გამომდინარე აქედან, ანალიტიკოსებმა Xiaomi-ის წლიური გაყიდვების მაჩვენებლის პროგნოზი 2023 წელს 7%-ით, 2024 წელს კი - 6%-ით გაზარდეს. კუმულაციურად, ორი წლის განმავლობაში ანალიტიკოსები Xiaomi-ის 310 მილიონი ერთეული სმარტფონის გაყიდვას პროგნოზირებენ.
შეგახსენებთ, რომ ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Xiaomi-მ ახალი თაობის სმარტფონები - 14 და 14 Pro, რომლებიც Qualcomm-ის უახლესი პროცესორით, Snapdragon 8 Gen 3-ითაა აღჭურვილი, ოქტომბრის ბოლოს წარადგინა. Pro მოდელს 6.7-ინჩიანი, AMOLED-ის ტიპის, 120-ჰერციანი ეკრანი აქვს, რომლის სიკაშკაშე 3,000 ნიტს აღწევს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ტრადიციულად, ფლაგმანურ სმარტფონს 3 ძირითადი კამერა აქვს, 14 Pro-ს შემთხვევაში 3 ცალი 50-მეგაპიქსელიანი მოდულია, რომელიც ხელოვნური ინტელექტითაა გაუმჯობესებული. სმარტფონის ღირებულება დაახლოებით $900-ს შეადგენს და მან კონკურენცია iPhone 15 Pro-ს უნდა გაუწიოს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.