მიკროჩიპებისა და ნახევარგამტარების მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელი კომპანია, ამერიკული NVIDIA უპრეცედენტო ზრდას განაგრძობს. ამ ტენდენციის დასტურად კომპანიის მიერ გამოქვეყნებული კვარტალური შედეგები გამოდგება, რომელთა დახმარებით ჯენსენ ჰუანგის კომპანიამ ანალიტიკოსების პროგნოზებს კიდევ ერთხელ დაჯაბნა. ფისკალური 2025 წლის მესამე კვარტალში, NVIDIA-მ $35 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც 17%-ით მეტია, ვიდრე წინა კვარტალში და 94%-ით მეტია, ვიდრე შარშან. შემოსავალთან ერთად, მკვეთრად იმატა კომპანიის წმინდა მოგების მაჩვენებელმაც, რომელმაც კვარტალში $19.3 მილიარდი შეადგინა, რაც $2.7 მილიარდით, ანუ 14%-ით მეტია, ვიდრე წინა კვარტალში.
კვარტალური შედეგების გამოქვეყნებას NVIDIA-ს დამფუძნებელი, ჯენსენ ჰუანგი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანიის შემოსავლის ზრდის დიდი ნაწილი დატაცენტრების ბიზნესზე მოდის, რაც ნამდვილად ასეა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ მიმართულებით, ამერიკული კომპანიის შემოსავალმა წინა კვარტალთან შედარებით 17%-ით, წლიურად კი 112%-ით იმატა და $30.8 მილიარდი შეადგინა. დატაცენტრების ბიზნესის ზრდას, თავის წილ ის განაპირობებს, რომ სწორედ ეს მიმართულება არის პასუხისმგებელი NVIDIA-ს ფლაგმანური პროდუქტის, AI-პროცესორების გამოშვებაზე.
მაშ, რა განაპირობებს ამერიკული კომპანიის ასეთ აღმასვლას? ჯენსენ ჰუანგის კომპანიის შემოსავლების მკვეთრი ზრდა ხელოვნური ინტელექტის ბუმითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, ხელოვნური ინტელექტის ოპერირებას სუპერ მძლავრი კომპიუტერული მოწყობილობა სჭირდება, რომელსაც სწორედ NVIDIA აწარმოებს. რაც უფრო მეტი კომპანია დაიწყებს საკუთარი AI-პროექტის განხორციელებას და რაც უფრო მეტი მომხმარებელი ისარგებლებს ბაზარზე წარმოდგენილი ხელოვნური ინტელექტით, უფრო მაღალი იქნება მოთხოვნა NVIDIA-ს პროდუქციაზე, რაც, საბოლოო ჯამში, კომპანიის შემოსავლების და კაპიტალიზაციის ზრდას შეუწყობს ხელს.