ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო აქტუალური ხდება - პროგრამირების სწავლაა. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ პროგრამირების სწავლა აღარ ღირს, რადგან ამ საქმის უდიდეს ნაწილს ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს. ასე ფიქრობს ნახევარგამტარებისა და მიკროჩიპების მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელი კომპანიის, ამერიკული NVIDIA-ს დამფუძნებელი, ჯენსენ ჰუანგიც.
“ახლა რაღაცას ვიტყვი და ის ზუსტად იმის საპირისპირო იქნება, რასაც ყველა გეუბნებათ. ალბათ, გემახსოვრებათ, რომ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ყველა ამბობდა, რომ აუცილებელი იყო ბავშვებს კომპიუტერულ მეცნიერებებში მიეღოთ განათლება და პროგრამირება ესწავლათ. სინამდვილეში, ყველაფერი საპირისპიროდაა. ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ისეთი კომპიუტერული ტექნოლოგია, რომ პროგრამირება საერთოდ არავის მოუწიოს. პროგრამირების ენა უნდა გახდეს ადამიანური და სწორედ ასე იქცევა მსოფლიოში ყველა ადამიანი პროგრამისტად. აი, ეს არის ხელოვნური ინტელექტის სასწაული”, - განაცხადა ჯენსენ ჰუანგმა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ NVIDIA ერთ-ერთია იმ რამდენიმე კომპანიას შორის, რომლის გარეშე, სულ მცირე დღეს, ხელოვნური ინტელექტის განვითარება, უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ჯენსენ ჰუანგის კომპანია იმ სიმძლავრეს ქმნის, რომლითაც AI საზრდოობს. ამგვარი მნიშვნელობის ფონზე, ბოლო წლებში, NVIDIA-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ რეკორდულად იმატა. დღეს, NVIDIA-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 2.357 ტრილიონს შეადგენს და ამ მაჩვენებლით ის რიგით მე-3 ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა მსოფლიოში.