ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველმა საბჭომ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული წლის განმავლობაში დაკისრებული გადასახადების შესახებ 2,796 საჩივარი შევიდა. ეს 2021 წელთან შედარებით 300 დავით ნაკლები იყო. ამ დავების საგანს ₾948 მილიონის საგადასახადო დავალიანება წარმოადგენდა, ეს 2021 წელთან შედარებით 900 მილიონი ლარით ნაკლები იყო. დავების განმხილველმა საბჭომ გასულ წელს სულ 72 სხდომა ჩაატარა, რომლებზეც გადაწყვეტილება მიღებულია 2 613 საქმეზე. ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიღებული გადაწყვეტილებებით სრულად და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 739 საჩივარი, 1 552 მომჩივანს უარი ეთქვა, ხოლო 322 საჩივარი განუხილველი დარჩა მომჩივნის მიერ სხვადასხვა პროცედურული მოთხოვნის დარღვევის ან დავის შეწყვეტის გამო. როგორც იურიდიული ფირმა GLCC-ის დამფუძნებელი პარტნიორი ირაკლი გაფრინდაშვილი აცხადებს, დაკმაყოფილებული დავების ეს მაჩვენებელი კითხვის ნიშნებს ტოვებს და უწყებისგან დამატებით დაკონკრეტებას მოითხოვს. საკითხები, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში ყველაზე მეტად საჩივრდება, გასაანალიზებელია - ასე აფასებენ იურისტები საბჭოს მუშაობის ეფექტიანობას და ამბობენ, რომ მიუხედავად პროგრესისა, დავების საბჭოს მიერ საჩივრების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება დროში მაინც ჭიანურდება. მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ყველაზე მეტად პრობლემური საკითხები გადაიხედება, საკანონმდებლო ჩარჩო დაიხვეწება, საჩივრების რაოდენობაც შემცირდება.