2022 წელს საქართველოში ბუნებრივი გაზის მოხმარება გაიზარდა. სემეკის 2022 წლის ანგარიშის თანახმად, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გაზის მოხმარებამ 1,335 მლნ მ³ შეადგინა, არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოხმარებამ კი – 1,663 მლნ მ³, მათ შორის 754 მლნ მ³ თბოსადგურების მოხმარება შეადგენს. ჯამურმა მოხმარებამ 2 998 მლნ მ³ შეადგინა, რაც
20%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია BMG-თან იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც გაზის მოხმარების ზრდა გამოიწვია. ნარმანიას თქმით, 2022 წელს თბოსადგურების გამომუშავება გაიზარდა, ასევე გაზრდილია აბონენტების რაოდენობაც, რაც საბოლოოდ ბუნებრივი აირის მოხმარებაზე აისახა.
“თბოსადგურები მთელი ზამთრის განმავლობაში მაქსიმალური დატვირთვით მუშაობდნენ და იმაზე გაცილებით იაფიან ენერგიას აწარმოებდნენ, ვიდრე ეს ელექტროენერგიის იმპორტის შემთხვევაში იქნებოდა. ამან, ბუნებრივია, გაზზე მოთხოვნა გაზარდა. სწორედ ამიტომ 2022 წელს უფრო მეტი გაზი იქნა შემოტანილი, ვიდრე წინა წლებში. იმპორტის ზრდა მხოლოდ თბოსადგურებს არ უკავშირდება, თავად მოსახლეობის მიერ ბუნებრივი აირის მოხმარებაც გაზრდილია, რადგან ყოველ წელს გაზიფიცირების მაჩვენებელი იზრდება, შედეგად სულ უფრო მეტი ადამიანი მოიხმარს ბუნებრივ აირს. ამას გარდა, გასულ წელს გაზით გათბობის დღეებიც გაიზარდა, ანუ 2021 წელთან შედარებით უფრო ცივი ზამთარი იყო”,-ამბობს ნარმანია.
საქართველოსთვის ბუნებრივი აირი მოხმარების თვალსაზრისით, კვლავ რჩება უმთავრეს ენერგორესურსად. გაზის წილი ენერგიის ჯამურ მოხმარებაში მცირედით, თუმცა ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. 2022 წელს გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.5% დაკმაყოფილდა იმპორტით, ხოლო დარჩენილი 0.5% – ადგილობრივი მოპოვებით. ბუნებრივი აირის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ აზერბაიჯანია. სხვადასხვა კონტრაქტის მეშვეობით, საქართველო აზერბაიჯანიდან იღებს მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ბუნებრივი გაზის 83%-ს.