მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასულ წელს, მომხმარებლებს ₾1 მლნ-ზე მეტი აუნაზღაურდათ - GCCA

ირაკლი ლექვინაძე

გასულ წელს, ჯამში, მომხმარებლებს 1 მლნ ლარზე მეტი აუნაზღაურდათ, - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ ბათუმში, მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მომხმარებელთა უფლებების დაცვა, მომართვიანობა კი 2025 წელს 2024 წელთან შედარებით სააგენტოში 65%-ით გაიზარდა, - "ხოლო რაც შეეხება მიმდინარე წლის 2 თვეს, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, GCCA-ში შემოსული განცხადებების რაოდენობაში 92%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც, უფლებების ნაწილში მომხმარებელთა ცნობიერების ზრდაზე მიუთითებს", - განაცხადა ლექვინაძემ.

მისივე თქმით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ განხილული საქმეების 90% მომხმარებლის სასარგებლოდ წყდება და, გასულ წელს, ჯამში, მომხმარებლებს 1 მლნ ლარზე მეტი აუნაზღაურდათ.

„საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის განსაკუთრებული პატივია, რომ 2026-2027 წლებში საქართველო უხელმძღვანელებს მომხმარებელთა დაცვის საერთაშორისო ქსელს - ICPEN-ს. ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან აღიარებას ჩვენი ინსტიტუციური განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და იმ პროგრესის, რომელიც ქვეყანამ მომხმარებელთა დაცვის სფეროში განახორციელა. ამავე კონტექსტში, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სააგენტომ ICPEN-ისა და მსოფლიო ბანკის მიერ დაწესებული 2025 წლის მომხმარებელთა განათლების ჯილდო მოიპოვა. აღნიშნული ჯილდო ადასტურებს, რომ მომხმარებელთა ინფორმირება და განათლება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია,“ - აღნიშნა GCCA-ის თავმჯდომარემ.

მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ბოლო ღონისძიება, ხვალ, წყალტუბოში გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები