რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის გაერთიანების მონაცემებით, რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასული ტურისტების რაოდენობამ გასულ წელს 1,6 მილიონი ადამიანი შეადგინა.
ასევე გაერთიანების მონაცემებით, 2025 წლის ზაფხულის პერიოდში აფხაზეთზე მოთხოვნა რუსი ტურისტების მხრიდან 2024 წელთან შედარებით 10-15%-ით გაიზარდა და პირველად ოკუპირებულმა რეგიონმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სამოგზაურო მიმართულებებს შორის თურქეთი ჩაანაცვლა, როგორც ყველაზე პოპულარული უცხოური კურორტი.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა აფხაზეთის ტურისტულ სექტორს დეკემბრის ბოლოს, ე.წ. პარლამენტთან მიმართვის დროს შეეხო, მან დაადასტურა რუსეთის ტურინდუსტრიის გაერთიანების მონაცემები და აღნიშნა, რომ “აფხაზეთში წლიურად სტაბილურად 1,4 მილიონი ტურისტი ჩადის და ეს რიცხვი მზარდია.”
მისივე თქმით, სოხუმის აეროპორტმა, რომლის რეაბილიტაცია 2025 წელს დასრულდა, გახსნიდან 2025 წლის ბოლომდე 550 რეისზე მეტი მიიღო და მგზავრთნაკადმა 120 ათასს გადააჭარბა.
ფრენები სუბსიდირებულია და ვრცელდება რამდენიმე მიმართულებაზე: ნიჟნი-ნოვგოროდი, სანქტ-პეტერბურგი და ხანტი-მანსიისკი.
ამასთანავე, ბადრა გუნბას თქმით, 2025 წლის პირველი 11 თვის მონაცემებით, აფხაზეთსა და რუსეთის მსხვილ ქალაქებს შორის სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლამ, დაახლოებით, 500 000 ადამიანი შეადგინა.
ცნობისთვის: რუსეთის ფედერაციაში კანონმდებლობაში შესული ცვლილების თანახმად, 2026 წლის 20 იანვრიდან, 14 წლამდე ასაკის რუსეთის მოქალაქეებს ოკუპირებულ აფხაზეთში, ბელარუსში, ოკუპირებულ ცხინვალში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში გამგზავრება მხოლოდ უცხოური პასპორტით შეუძლიათ, მიუხედავად იმისა, ბავშვი მგზავრობს მშობლებთან ერთად თუ თანმხლებ პირებთან. არსებულმა ცვლილებამ შესაძლოა უარყოფითი შედეგი იქონიოს აფხაზეთის ტურისტულ ინდუსტრიაზე



























