მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გასულ წელს პროდუქცია საშუალოდ 80%-ით გავაძვირეთ" - "ფრუტერა" მიზეზებზე

ჩირი

გასულ წელს, ნედლეულის მკვეთრი გაძვირების ფონზე ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ზოლთან მდებარე ეკოლოგიურად სუფთა ჩირისა და ტყლაპის საწარმომ „ფრუტერა“ პროდუქციის ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა.

კომპანიის დამფუძნებელი დავით გელუტაშვილი BM.GE-სთან განმარტავს, რომ ფასების ზრდის მთავარი მიზეზი 2025 წელს შიდა ქართლში დაფიქსირებული უამინდობა, განსაკუთრებით კი აპრილის ყინვა გახდა, რომელმაც კურკოვანი ხილის მოსავალი პრაქტიკულად გაანადგურა.

„2025 წელი ჩვენთვის ცოტა რთული იყო, იქიდან გამომდინარე, რომ დამოკიდებული ვართ ადგილობრივ მოსავალზე. შიდა ქართლში აპრილში ყინვა იყო, რამაც ყველა კურკოვანი ხილი გააფუჭა. აქედან გამომდინარე, ნედლეული ზოგიერთი პროდუქტის შემთხვევაში ხუთჯერ გაგვიძვირდა, საშუალოდ ფასები ოთხჯერ მაინც გაიზარდა. შესაბამისად, გაძვირებული თვითღირებულების ფონზე, ფასის ზრდა თითქმის 100%-ით, საშუალოდ 80%-ით მაინც მოგვიწია. მაგალითად, ქლიავის ჩირს თუ ვყიდდით 22 ლარად, 2025-ში 40 ლარად მოგვიწია გაყიდვა“, - აღნიშნავს ის.

გაზრდილმა ფასებმა მოთხოვნაზე ნეგატიურად იმოქმედა, რაც საბოლოოდ წარმოების შემცირების მიზეზიც გახდა. როგორც გელუტაშვილი განმარტავს, მომხმარებლის რეაქცია პირდაპირ აისახა გაყიდვებზე. „იგრძნობოდა შეკვეთების შემცირება - ხშირად ხდება, რომ სოციალურ ქსელებში გვწერენ, აინტერესებთ ფასი, მაგრამ პროდუქციის ღირებულებას როცა იგებენ, შეკვეთას აღარ ასრულებენ. ეს გვანიშნებს, რომ ფასის ზრდამ ნეგატიურად იმოქმედა მოთხოვნაზე“, - ამბობს ის.

ამ ვითარების გათვალისწინებით, კომპანიამ წინასწარ მიიღო გადაწყვეტილება და წარმოება დაახლოებით 50%-ით შეამცირა. „ვიცოდით, რომ ფასების ზრდა მოთხოვნაზე იმოქმედებდა და წარმოებაც დაახლოებით 50%-ით შევამცირეთ. ადრე თუ ჯამში დაახლოებით 6 ტონა ჩირსა და ტყლაპს ვაწარმოებდით, 2025 წელს ეს მოცულობა მნიშვნელოვნად შევამცირეთ”, - აღნიშნავს გელუტაშვილი.

მიუხედავად გამოწვევებისა, მისივე ინფორმაციით, „ფრუტერამ“ ახალი პროდუქტების დანერგვაც სცადა და საწარმოო მიმართულებები გააფართოვა. კომპანიამ ბაზარს პომიდვრის პესტო, პომიდვრის ჩირი ზეითუნის ზეთში და სხვადასხვა ნატურალური წვენი შესთავაზა.

„შარშან ვცადეთ ახალი პროდუქტების დანერგვა. მიუხედავად იმისა, რომ ფასი მაღალი იყო, წარმატებით დავნერგეთ რამდენიმე ახალი პროდუქტი - მაგალითად პომიდვრის პესტო, პომიდვრის ჩირი ზეითუნის ზეთში და ნატურალური წვენები“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

მისივე თქმით, ახალი მიმართულებები ამ ეტაპზე მცირე ინვესტიციით და ნახევრად კუსტარული მეთოდებით ვითარდება, თუმცა მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში კომპანია საწარმოო ხაზების შეძენას გეგმავს. „დაახლოებით 5-6 ათასი ლარის ინვესტიციით დავიწყეთ, თუმცა ეს არ მოიცავს სპეციალური ხაზების შეძენას. ამ ეტაპზე კუსტარულად ვამზადებთ, რომ შევისწავლოთ მოთხოვნა. თუ პროდუქტმა გაამართლა, საჭირო იქნება მინიმუმ 20-30 ათასი ლარის ინვესტიცია მცირე წარმადობის ხაზებში, მათ შორის წვენის ჩამოსასხმელ დანადგარებში“, - აღნიშნავს გელუტაშვილი.

ექსპორტის მიმართულებით „ფრუტერა“ ამ ეტაპზე მცირე მოცულობებით ოპერირებს. კომპანიის პროდუქციის დაახლოებით 10% რუსეთში იგზავნება, თუმცა დაუფასოებელი სახით, სადაც პარტნიორი კომპანია მას საკუთარი ბრენდით ყიდის : „ექსპორტზე მცირე რაოდენობით ვგზავნით, დაახლოებით 10%-მდე. პროდუქცია რუსეთში მიდის დაუფასოებელი სახით და იქ უკვე მათი ბრენდით იყიდება. დიდი მოცულობა არ არის, თუმცა პარტნიორები გვპირდებიან, რომ შეკვეთებს გაზრდიან”, - ამბობს ის.

გელუტაშვილის თქმით, ექსპორტისა და ზოგადად გაყიდვების დინამიკაზე გავლენას ტურისტული ნაკადების არასტაბილურობაც ახდენს, რადგან კომპანია ტურისტულ კომპანიებთანაც თანამშრომლობს.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, „ფრუტერაში“ 2026 წელს უკეთეს მოსავალს ელოდებიან, რაც, შესაძლოა, ფასების შემცირებისა და წარმოების ზრდის საფუძველი გახდეს. „ჯერ ადრეა საუბარი, მაგრამ ჯერჯერობით კარგ მოსავალს ველოდებით და იმედია, რომ ნედლეული გაიაფდება და ფასებსაც დავუბრუნებთ ძველ ნიშნულს. ვფიქრობ, რომ 2026-ში მინიმუმ ისევ 6 ტონას დავუბრუნდებით და დაახლოებით 10%-იან ზრდასაც შევძლებთ“, - დასძენს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები