2023 წელს “დრესაპ ჯგუფის” მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით შეტანილი თანხის ოდენობა 25 მილიონ ლარს აღწევს - ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრე სამხარაძემ, BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში ისაუბრა. მისი განმარტებით, “დრესაპის” შემოსავლებში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია უცხოელ ვიზიტორებსაც ჰქონდათ.
“გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩვენი შენატანი 25 მილიონი ლარი იყო, პირდაპირი გადასახადების სახით. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ტურიზმის განვითარებისთვის საცალო გაყიდვების ქსელების განვითარებაც მნიშვნელოვანია. რაც არ უნდა მაღალი იყოს ტურისტის დანახარჯი რესტორანსა და სასტუმროში, ის მაინც შეზღუდულია, “შოპინგში” კი შეუძლიათ, ბევრად მეტი დახარჯონ. ამიტომ, ამ ბიზნესის განვითარება ქვეყნის ბიუჯეტისთვისაც მნიშვნელოვანია.
ჩვენ ვაწარმოებთ სტატისტიკას, რომლის თანახმადაც, უცხოელი ვიზიტორების დანახარჯები, დაახლოებით, 20%-ია. მრავალმილიონიანი ბრუნვის ფონზე, 20% საკმაოდ მაღალია”, - აღნიშნა ალექსანდრე სამხარაძემ და დასძინა, რომ ტურიზმის ზრდასთან ერთად, შემოსავლებში უცხოელ ვიზიტორთა კონტრიბუციაც, წლიდან წლამდე მზარდია.
“დრესაპ ჯგუფის” გენერალური დირექტორი ასევე განმარტავს, რომ საერთაშორისო ბრენდების პროდუქტებზე ხელმისაწვდომი ფასები ბიუჯეტის ზრდას უწყობს ხელს.
“აღსანიშნავია, რომ ჩვენთან წარმოდგენილი ბრენდები საქართველოში ბევრად უფრო იაფია, ვიდრე, მაგალითად, უკრაინაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში და, ხშირად, ევროპაში. აქედან გამომდინარე, ტურისტებისთვის უფრო სასურველია, რომ ჩვენთან გააკეთონ შენაძენი, რაც ბიუჯეტისთვის ძალიან მოგებიანია”, - აღნიშნავს ალექსანდრე სამხარაძე.
მისივე თქმით, “დრესაპ ჯგუფის” ფიზიკურ მაღაზიებში გასულ წელს ბრუნვა 40%-ით გაიზარდა და იგივე პროგნოზებია 2024 წლისთვისაც. რაც შეეხება ელექტრონულ კომერციას, ამ მხრივ მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.
“ონლაინ მაღაზიებში ზრდა ყოველწლიურად ორმაგდება, იმედი გვაქვს, ამ ტენდენციას წელსაც შევინარჩუნებთ. ვიტყოდი, რომ ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების გაყიდვით, ონლაინ მაღაზია ბაზრის ლიდერია. თუმცა ჩვენც გვაქვს რაღაც ნიუანსები და პრობლემები, რომელთა მოგვარებაზეც ვმუშაობთ, რათა მომხმარებელს მეტი კომფორტში შევთავაზოთ”, - განაცხადა ალექსანდრე სამხარაძემ.
“დრესაპ ჯგუფის” დირექტორმა BMG-ის ეთერში აღნიშნა, რომ კომპანია სასაწყობო მეურნეობასაც ამზადებს, რომლის მშენებლობაც ერთი წლის განმავლობაში დასრულდება და მომხმარებლისთვის უფრო ფართო ასორტიმენტის შეთავაზების საშუალებას გააჩენს.
“დრესაპ ჯგუფი” ადგილობრივ ბაზარზე 30 წელზე მეტია, რაც ოპერირებს და საერთაშორისოდ ცნობილი ბრენდების ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების კოლექციებს აერთიანებს. Dressup.ge-ს პორტფოლიოში 100-ზე მეტი დასახელების ბრენდს, მათ შორის Levi’s-ის, Calvin Klein-ის, Tommy Hilfiger-ის, Guess-ისა და სხვა ცნობილი მწარმოებლების, მათ შორის ქართული ბრენდების, პროდუქტს შეხვდებით.