საფრანგეთმა 1 სექტემბრიდან "სწრაფი მოდის" ექსტრემალურ სეგმენტზე მოსაკრებლები დააწესა. ამ ნაბიჯის მიზანი იაფი ტანსაცმლის გაყიდვების შეზღუდვაა ელექტრონული კომერციის ისეთი პლატფორმებიდან, როგორებიცაა Shein და Temu.
ახალი მოსაკრებლები "სწრაფი მოდის" შესახებ ივნისში მიღებული კანონის ნაწილია, რომელიც მასობრივი წარმოებით გამოწვეული გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად. გადასახადი 0.25 ევროდან 12 ევრომდე მერყეობს, თუმცა მისი ოდენობა პროდუქტის გასაყიდი ფასის 50%–ს არ უნდა აღემატებოდეს.
"ეს პლატფორმები მომხმარებლის მსყიდველობითი უნარის ყალბი დამცველები არიან. ისინი საქონელს დაბალ ფასად ყიდიან, თუმცა მათი პროდუქცია ხშირად არ შეესაბამება სტანდარტებს და გამძლეობით არ გამოირჩევა" – განაცხადა საფრანგეთის ვაჭრობის მინისტრმა, სერჟ პაპენმა ადგილობრივ გამოცემა Ouest France–თან ინტერვიუში.
აღნიშნული მოსაკრებლები კიდევ უფრო ართულებს Shein–ის მდგომარეობას. ევროკავშირსა და აშშ–ში იაფფასიანი ამანათებისთვის საგადასახადო შეღავათების გაუქმებამ კომპანიის საბაზრო ღირებულების მკვეთრი შემცირება გამოიწვია, რაც სამშაბათს ჰონკონგის საფონდო ბირჟაზე მისი აქციების დებიუტს დაემთხვა.
არც Shein–ს და არც Temu–ს მოსაკრებლებთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. Shein–ის წარმომადგენელმა საფრანგეთში, კვენტინ რუფატმა ადრე აღნიშნა, რომ მსგავსი სანქციები მომხმარებელს დააზარალებს, რადგან პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს.
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ საფრანგეთის კანონს დისკრიმინაციული და სავაჭრო ბარიერი უწოდა და აღნიშნა, რომ ის შესაძლოა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) პრინციპებს ეწინააღმდეგებოდეს.
საფრანგეთის მოსაკრებლების ოდენობა, რომელიც 2030 წლიდან კიდევ უფრო გაიზრდება, სპეციალური ფორმულით იანგარიშება. ის ითვალისწინებს ბრენდის მიერ შეთავაზებული პროდუქციის რაოდენობას, ფასებსა და მათი შეკეთების შესაძლებლობას. საფრანგეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელიც საცალო მოვაჭრეებს ვებგვერდზე განთავსებული საქონლის რაოდენობის მიხედვით "სჯის".
კერძოდ, კომპანიის პროსპექტის მიხედვით, მიმდინარე წლის 31 მარტის მონაცემებით, Shein–ის ასორტიმენტი 2 მილიონზე მეტ დასახელებას მოიცავდა და ყოველდღიურად მას 4 700 ახალი მოდელი ემატებოდა. მოსალოდნელია, რომ ახალი რეგულაციები არ შეეხება ევროპულ ბრენდებს, როგორიცაა Zara (Inditex) და H&M, რადგან მათ ვებგვერდებზე პროდუქციის გაცილებით მცირე არჩევანია წარმოდგენილი.
ევროკავშირის ტექსტილის სფეროში მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის (EPR) დირექტივის თანახმად, წევრმა ქვეყნებმა 2028 წლის 17 აპრილამდე უნდა დააწესონ მოსაკრებლები, რათა ტანსაცმლის ნარჩენების სორტირება და გადამუშავება დაფინანსდეს. საფრანგეთში ამ პროცესს ასოციაცია Refashion მართავს, რომელიც განსაზღვრავს, ვინ არის ვალდებული გადაიხადოს ახალი მოსაკრებლები.
მსგავსი სისტემა უკვე მოქმედებს სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის ნიდერლანდებში, თუმცა იქაური ორგანიზაცია Stichting UPV Textiel მოსაკრებლებს ტანსაცმლის გაყიდვების მოცულობის მიხედვით აგროვებს და არა - ასორტიმენტის სიდიდის .




























