გასულ წელს ჰიდროენერგეტიკაში ახალი გენერაციის ობიექტების დადგმული სიმძლავრე მეზობელ სომხეთში საქართველოზე 5-ჯერ მეტი იყო, აზერბაიჯანში 17-ჯერ მეტი, თურქეთის შედეგი კი 44-ჯერ აღემატება საქართველოს მაჩვენებელს.
საქართველოში გასულ წელს 9 მგვტ-მდე ჯამური დადგმული სიმძლავრის 6 ახალი მცირე ჰესი შევიდა ექსპლუატაციაში. საერთაშორისო ჰიდროენერგეტიკული ასოციაციის (IHA) ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველომ გლობალურ რეიტინგში 54 ქვეყანას შორის 37-ე ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, 2023 წელს სომხეთში 49 მგვტ დადგმული სიმძლავრის გენერაციის ახალი ობიექტები ამოქმედდა. შედეგად, რეიტინგში სომხეთი 29-ე ადგილზეა. მე-17 ადგილზეა აზერბაიჯანი, სადაც დადგმული სიმძლავრე 147 მგვტ-ით გაიზარდა. ხოლო თურქეთი, 399 მგვტ-ით, მე-8 პოზიციას იკავებს.
სომხეთის შემთხვევაში ჰიდროენერგეტიკაში გენერაციის ობიექტების ჯამური დადგმული სიმძლავრე არის 1,373 მგვტ, აზერბაიჯანის - 1,302 მგვტ, საქართველოს - 3,468 მგვტ, ხოლო თურქეთის - 32,529 მგვტ. გასულ წელს ახალი სიმძლავრეები არ დამატებია რუსეთის გენერაციას და ჯამური დადგმული სიმძლავრე კვლავ 55,819 მგვტ-ს შეადგენს.
IHA-ს ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს მსოფლიოში დადგმული სიმძლავრე 1,416 გგვტ-მდე გაიზარდა.