გლობალური საავიაციო ბაზრის ერთ-ერთმა ლიდერმა, Turkish Airlines-მა 2024 წლის შედეგები გაასაჯაროვა. გასულ წელს, ავიაკომპანიამ 83.4 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც 2.1%-ით მეტია, ვიდრე 2023 წლის მონაცემები. თურქული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრების მესამედზე მეტი, კერძოდ 31.7 მილიონი მგზავრი უცხოელია, რაც წლიურად 6.4%-ითაა გაზრდილი და Turkish Airlines-ის მიერ საერთაშორისო ავიაკომპანიად, ხოლო სტამბოლის გლობალურ საავიაციო ჰაბად გადაქცევის გეგმის აღსრულებაზე მიუთითებს.
ოფიციალური მონაცემებით, Turkish Airlines-ის ფლოტი უმეტესწილად Boeing-ისა და Airbus-ის 492 საჰაერო ხომალდისგან შედგება, ხოლო თავად ავიაკომპანია მომდევნო წლებში დამატებით 342 თვითმფრინავის მიღებას პროგნოზირებს. ეს ხომალდები ემსახურება, როგორც მგზავრების გადაყვანას, ასევე ტვირთის გადატანას, რაც Turkish Airlines-ის პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელმაც წლიურად 20.6%-ით იმატა და ორი მილიონი ტონა შეადგინა.
გასული წლის დეკემბერში, Turkish Airines-ი “გინესის რეკორდების წიგნში” მოხვდა, როგორც ავიაკომპანია, რომელიც რეისებს ყველაზე მეტ ქვეყანაში ასრულებს. თავად ეს ფაქტი კი, დიდწილად, კომპანიის მარკეტინგულ აქტივობებს და საერთაშორისო ბაზარზე ფოკუსირების შედეგს წარმოადგენს. გასულ წელს, Turkish Airlines-ის მიმართულებების ჩამონათვალი საგრძნობლად გაფართოვდა, რადგან კომპანიამ რეისების შესრულება დაიწყო, როგორც მელბურნის და სიდნეის, ასევე დენვერის, დალასის და ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის მიმართულებებით.
ჯამში, თურქული ავიაკომპანია 130 ქვეყნის 346 მიმართულებით დაფრინავს.