მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია Airbus-ის წყალბადის თვითმფრინავი?

Airbus ZEROe

გლობალური ავიაცია სწრაფი ტემპით ვითარდება, ხოლო კომპანიები რევოლუციურ სიახლეებს აანონსებენ. ამ ტრანსფორმაციის შუაგულში თვითმფრინავების მწარმოებელი უდიდესი კომპანიაა, რომელმაც წყალბადზე მომუშავე ახალი ელექტროთვითმფრინავი, ZEROe წარმოადგინა. საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში გამართულ სამიტზე Airbus-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2035 წლისთვის, ბაზარზე სრულად უგამონაბოლქვო სამგზავრო თვითმფრინავის გამოშვებას გეგმავს, რომელიც ახალი თაობის ავიაციას დაუდებს სათავეს.

მაშ, რა არის Airbus ZEROe? თვითმფრინავის სახელწოდება ZEROe იშიფრება, როგორც Zero Emissions, რაც ქართულად “ნულოვან ემისიას” ნიშნავს. ეს თვითმფრინავი Airbus-ის იმ ფლაგმანური საინჟინრო პროგრამის ნაშიერია, რომელიც ავიაწარმოებაში წყალბადის გამოყენებაზე მუშაობს. პროექტის შესახებ პირველად 2020 წელს შევიტყვეთ და თავიდან, ის ერთგვარ ექსპერიმენტად ითვლებოდა, მაგრამ ბოლო წლებში, ZEROe რეალურ პროექტად გარდაიქმნა, რომელსაც, თეორიულ დონეზე მაინც, ავიაციაში რევოლუციის მოხდენა შეუძლია.

თვითმფრინავის კონცეპტუალური დიზაინი, რომელიც Airbus-მა ტულუზაში წარმოადგინა, ოთხ ორმეგავატიან ელექტროძრავს ეფუძნება, რომლებიც თანაბრადაა განაწილებული თვითმფრინავის ორივე ფრთაზე. თვითმფრინავი საწვავად წყალბადს იყენებს, რომელიც სპეციალურ ავზში ინახება და საჭიროებისამებრ ელექტროენერგიად გარდაიქმნება, რომელსაც სისტემა ელექტროძრავებს ცალ-ცალკე აწვდის. როგორც Airbus-ში ამბობენ, მდგრად საავიაციო საწვავთან შედარებით წყალბადის უპირატესობა ისაა, რომ მისი დამუშავების პროცესში მხოლოდ წყლის ორთქლი გამოიყოფა და არა — ნახშირორჟანგი.

ბოლო წლებში, ZEROe აქტიურად ვითარდება. 2023 წელს, Airbus-მა 1.2-მეგავატიანი სისტემა წარადგინა, ხოლო გასულ წელს სრული სისტემის ტესტირება დაასრულა, მათ შორის გამოცადა წყალბადის სისტემა, ძრავები, გადამცემი კოლოფები, ინვერტორები და სითბური ქსელი. კვლევა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება, მაგრამ ამჯერად, Airbus-ის გუნდი ყურადღებას ფრენისას თხევადი წყალბადის შენახვის და განაწილების მეთოდებზე იმუშავებს. მოგვიანებით, კომპანია უშუალოდ თვითმფრინავის ტესტირებას დაიწყებს, რათა 2035 წლისთვის ის ბაზარზე წარმოადგინოს.

ისე კი, თვითმფრინავის შექმნა საავიაციო ინდუსტრიის ნახშირორჟანგისგან გათავისუფლების მხოლოდ ერთი ნაწილია. თუკი Airbus-ის გუნდს სურს, ZEROe წარმატებულ პროექტად იქცეს, აუცილებელია, როგორც აეროპორტების ინფრასტრუქტურის წყალბადზე ადაპტირება, ასევე შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოების შემოღება და მწვანე წყალბადის მიწოდების ჯაჭვების ჩამოყალიბება, რაც მთელ ამ პროცესს სისტემურ სახეს მისცემს და დროთა განმავლობაში ტექნოლოგიას იმდენად გააიაფებს, რომ მისი კომერციულად გამოყენება აზრიანი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები