Volvo Cars Caucasus, რომელიც საქართველოსთან ერთად, სომხეთში, აზერბაიჯანსა და უზბეკეთში ოპერირებს, ოთხ ქვეყანაში 60%-ით გაიზარდა - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში კომპანიის დირექტორმა, რუსუდან გრძელიძემ ისაუბრა.
2024 წლის შეჯამებისას Volvo Cars Caucasus-ის დირექტორი აღნიშნავს, რომ გასულ წელს კომპანიის ახალი შოურუმი თბილისში ამოქმედდა, ბაქოში კი მშენებლობა ამ დრომდეც მიმდინარეობს.
"გასულ წელს ჩვენ ოპერირება დავიწყეთ თბილისში, ახალ შოურუმში, დავნერგეთ VPS სტანდარტი, რაზეც თითქმის ერთ წელი ვმუშაობდით და შემდეგ წარმატებით მოვიპოვეთ სერტიფიკატი. დავიწყეთ ასეთივე შოურუმის მშენებლობა ბაქოშიც, რომელიც სულ რამდენიმე კვირაში გაიხსნება და უმასპინძლებს აზერბაიჯანელ მომხმარებელს.
2024 რომ შევაფასოთ, "ვოლვო კავკასია", დაახლოებით, 60%-ით გაიზარდა ოთხივე ქვეყანაში, ასევე გასულ წელს პორტფელში დავიმატეთ ყაზახეთიც და მეხუთე ქვეყანა, სადაც წელს ოპერირებას დავიწყებთ, სწორედ ეს იქნება. გვქონდა 60%-იანი ზრდა აზერბაიჯანში, 40%-იანი ზრდა საქართველოში, უზბეკეთი კი იგივე ტენდენციას მიყვება", - ამბობს რუსუდან გრძელიძე.
2025 წლის გეგმებზე საუბრისას Volvo Cars Caucasus-ის დირექტორმა ახალი ელექტრომობილი დააანონსა, რომელიც ერთ თვეში უკვე საქართველოში იქნება.
"ჩვენ წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე გვექნება, მათ შორისაა ახალი, 7-ადგილიანი ელექტრო SUV-ის წარდგენა, რომელიც 750 კმ-ის დაფარვას შეძლებს დამუხტული ელექტროძრავით და იქნება X90-ზე ზომით უფრო დიდი. ამ ავტომობილში იქნება ყველაზე მეტი ტექნოლოგია, რაც კი Volvo-ს ისტორიაში ავტომობილებში ყოფილა და უკვე ერთ თვეში საქართველოში იქნება", - განაცხადა რუსუდან გრძელიძემ.