გერმანული Mercedes-Benz-ის მესამე კვარტალის გაყიდვები წლიურად 8%-ით შემცირდა. ივლისი-სექტემბრის პერიოდში წარმოებულმა ავტომობილების რაოდენობამ 407,200 ერთეული შეადგინა. კომპანიის განცხადებით, ეს კლება ჩინეთის ბაზარზე არსებულმა რთულმა ვითარებამ და მოთხოვნის შემცირებამ განაპირობა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთში მიწოდება 31%-ით, 86,800 ერთეულამდე დაეცა. ამასთან, გაყიდვების 21%-იანი კლება უმაღლესი კლასის სეგმენტში დაფიქსირდა, რაც Mercedes-ის მთავარი ბიზნესმიმართულებაა. ამ კატეგორიაში რეალიზებული ავტომობილების რაოდენობამ ჯამურად 53,900 შეადგინა.
რაც შეეხება ზრდის ტენდენციას, მესამე კვარტალში შეერთებულ შტატებში ავტომობილების გაყიდვები 6%-ით, ევროპაში კი 5%-ით გაიზარდა.
პარალელურად, ჯგუფის მასშტაბით ელექტრომობილების რეალიზაციამ 52%-ით მოიმატა და 78,100 ერთეული შეადგინა, ზრდის ყველაზე ძლიერი დინამიკა ევროპულ ბაზარზე ფიქსირდება, რაც საწვავის გაძვირებას უკავშირდება.
























