ტურისტული სეზონი აჭარაში 15 ივნისს ოფიციალურად იხსნება. შავიზღვისპირა რეგიონი ზაფხულს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება, თუმცა სასტუმროებში დატვირთულობის მაჩვენებელი ჯერ ისევ დაბალია.
როგორც სასტუმრო “ჩაოს” მფლობელი თამაზ მახარაძე ამბობს, მოთხოვნა ძირითადად ადგილობრივი დამსვენებლებისგან მოდის. მისი თქმით, ევროპელმა ტურისტებმა ჯავშნები სხვა და სხვა მიზეზის გამო გააუქმეს, რის ერთ-ერთ მიზეზად გაძვირებული ავია-ბილეთები სახელდება.
“საკმაოდ მძიმე სიტუაციაა, იმიტომ რომ ამ დროს გასულ წლებში ჩათვალეთ, რომ ჯგუფი ჯგუფზე შემოდიოდა და ადგილი არ გვქონდა და დღეს იანვარ-თებერვალში რომ ვმუშაობთ ის სიტუაციაა. უცხოელი ტურისტი პრაქტიკულად არ არის, ვინც შემოდის სასტუმროში მივლინებით ჩამოსული ვიზიტორია.
საკმაოდ ბევრმა ჯგუფმა, რომლებსაც ჰქონდათ ჯავშნები გააუქმა განსაკუთრებით ევროპიდან და პოლონეთიდან. მათი მხრიდან მიზეზად მათ შორის გაძვირებული ფრენა სახელდება. შესაბამისად, დიდი სასიკეთო მოლოდინები, სამწუხაროდ, ვერ გვაქვს,”- ამბობს სასტუმრო “ჩაოს” მფლობელი თამაზ მახარაძე.