კინოგაქირავებაში საზაფხულო სეზონი წარმატებით დაიწყო - გასულ უქმეებზე, 8-9-10 მაისს, აშშ-ის შიდა ბაზარზე ბილეთების გაყიდვებმა 161 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც 2025 წლის იმავე სამდღიან პერიოდთან შედარებით თითქმის 88%-იანი გაუმჯობესებაა.
ლიდერობდა Disney-ისა და 20th Century Studio-ს "ეშმაკს აცვია პრადა 2", რომელმაც პრემიერიდან მეორე კვირაში 41.6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
მას მოსდევს Warner Bros.‑ის "Mortal Kombat II", რომელმაც პრემიერის კვირაში 38.5 მილიონი დოლარი შეაგროვა.
Lionsgate-ის ფილმმა "მაიკლი" კინოთეატრებში მესამე კვირას 37.9 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
უქმე დღეების წარმატებას ხელი შეუწყო ისეთმა ახალმა ფილმებმა, როგორებცაა Amazon MGM-ის "ცხვარი დეტექტივები" და Paramount-ის "ბილი აილიში - Hit Me Hard and Soft: The Tour, ასევე ძველმა ჰიტებმა - Universal-ის "სუპერ მარიოს გალაქტიკის ფილმი" (მეექვსე კვირა) და Amazon-ის "პროექტი ჰეილ მერი" (მერვე კვირა).
ერთობლიობაში, ეს კინოინდუსტრიისთვის გამორჩეული შაბათ-კვირა აღმოჩნდა იმ ფონზე, როდესაც ინდუსტრია აშშ-ში წლიური 10 მილიარდი დოლარის კინოგაქირავების შემოსავლის მიღწევას ისახავს მიზნად.
შაბათ-კვირის ტოპ 10 ფილმიდან შვიდი სწორედ უკვე გამოსული ფილმი იყო. Comscore-ის მონაცემებით, ხუთ მათგანს წინა შაბათ-კვირასთან შედარებით ბილეთების გაყიდვების 50%-ზე ნაკლები ვარდნა ჰქონდა.
კინოგაქირავების ანალიტიკოსებისთვის ეს მნიშვნელოვანი მეტრიკია. როგორც წესი, ფილმები კვირიდან კვირამდე 50%-დან 70%-მდე ვარდნას განიცდიან. როდესაც ბილეთების გაყიდვები უფრო მცირე კლებას აჩვენებს, ეს ნიშნავს, რომ ფილმი ძლიერ რეკომენდაციებს იღებს და ბილეთებს ახალი მაყურებლები ყიდულობენ - ან ფილმის ხელახლა სანახავად ბრუნდებიან.
"ეშმაკს აცვია პრადა 2"-ს ბილეთების გაყიდვების 46%-იანი კლება ჰქონდა მეორე კვირაში, "მაიკლის" გაყიდვება მეორე და მესამე კვირებს შორის მხოლოდ 30%-ით დაიკლო, ხოლო "სუპერ მარიოს გალაქტიკის ფილმი" მეხუთე და მეექვსე კვირებს შორის მხოლოდ 45%-ით შემცირდა. ყველაზე შთამბეჭდავია "პროექტი ჰეილ მერი", რომელიც მერვე კვირაში მხოლოდ 23%-ით დაეცა.
ეს ტენდენციები შიდა კინოგაქირავებისთვის კარგის მანიშნებელია. Comscore-ის მონაცემებით, 2026 წლის კალენდარმა კვირის ჩათვლით 3.02 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 16%-იანი ზრდაა.
ბილეთების გაყიდვები მაინც ჩამორჩება 2019 წლის დონეს, რომელიც ბოლო ნამდვილი საორიენტაციო ნიშნულია მანამ, ვიდრე პანდემია კინოთეატრებში სიარულს შეაფერხებდა. 2019 წლის ამ ეტაპზე შიდა კინოგაქირავებამ 3.8 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. თუმცა, აქედან 720 მილიონ დოლარზე მეტი Disney-სა და Marvel-ის რეკორდულ "შურისმაძიებლები: დასასრულს" ეკუთვნოდა.
საზაფხულო კინოსეზონი, რომელიც მაისის პირველი შაბათ-კვირიდან სექტემბერში, შრომის დღემდე გრძელდება, რამდენიმე ბლოკბასტერით დამატებით სტიმულს მიიღებს.
მაისის ბოლოს გამოდის Disney-ს პირველი ახალი "ვარსკვლავური ომების" ფილმი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში - "მანდალორელი და გროგუ". ივნისში მას მოჰყვება Pixar-ის "სათამაშოების ისტორია 5" და Warner Bros.-ის "სუპერგოგო". შემდეგ, ივლისში, Disney-ს ექნება live-action "მოანა", Universal გამოუშვებს კრისტოფერ ნოლანის "ოდისეას", ხოლო Sony - "ადამიანი-ობობა: სრულიად ახალი დღე".




























