Paramount Skydance-მა Warner Bros Discovery-ის $110 მილიარდად შეძენის საქმეზე კალიფორნიასა და აშშ-ის 11 სხვა შტატთან სამართლებრივი დავა მოაგვარა.
არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება CNN-ისა და CBS-ისთვის დამოუკიდებელი სარედაქციო საბჭოების შექმნას და წელიწადში 30 ფილმის გამოშვების ვალდებულებას ითვალისწინებს. შეთანხმებულ დოკუმენტში წერია, რომ თუ კომპანია ფილმების რაოდენობის გეგმას ვერ შეასრულებს, ის თითოეულ გამოტოვებულ პროექტზე $30-მილიონიან ჯარიმას გადაიხდის.
როგორც მედია წერს, ეს შეთანხმება ჰოლივუდში ერთ-ერთი უმსხვილესი მედიაშერწყმის დასრულებისკენ გადადგმული გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება.
აღსანიშნავია, რომ შტატებთან დადებული გარიგების წყალობით, Paramount-ი 30 სექტემბრის შემდეგ Warner Bros Discovery-ის აქციონერებისთვის განკუთვნილი ყოველდღიური $7-მილიონიანი ჯარიმის გადახდას თავიდან აირიდებს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ შტატებთან დაკავშირებული დავის ჩახურვის მიუხედავად, ისტორიულ გარიგებას წინ კიდევ ერთი დაბრკოლება ეღობება. ამერიკის სცენარისტთა გილდიას გაერთიანების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილი აქვს. პროფკავშირის განმარტებით, მსგავსი გიგანტის შექმნა მწერლების ანაზღაურებას შეამცირებს და სამუშაო პირობებს გააუარესებს.
რაც შეეხება დღეს მომხდარ მოვლენაზე საფონდო ბირჟის რეაქციას, მიღწეულმა შეთანხმებამ ინვესტორებში დადებითი მოლოდინები გააჩინა. ორშაბათის სავაჭრო სესიაზე Paramount-ის აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა, Warner Bros Discovery-ისამ კი 10%-ზე მეტით მოიმატა.
ცნობისთვის, კალიფორნიის გენერალური პროკურორის ხელმძღვანელობით 12 შტატისგან შემდგარმა კოალიციამ სასამართლოში სარჩელი ივლისში შეიტანა. შტატების მთავარი არგუმენტი იყო, რომ მედიაგიგანტების გაერთიანება ბაზარზე კონკურენციას შეზღუდავდა და სატელევიზიო თუ კინოპროდუქციაზე ფასების ზრდას გამოიწვევდა.






















