მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს კომერციულ უძრავ ქონებაზე ფასი და მოთხოვნა გაიზარდა - თიბისი კაპიტალი

63c0f01992fba
თათია ჩაფიჩაძე
13.01.23 10:47
539
„2022 წელს 2021 წელთან შედარებით, ქუჩის საცალო ობიექტებსა და ოფისებზე მოთხოვნა 7-7%-ით, მოლებში კი 22%-ით გაიზარდა“, - თბილისის კომერციულ უძრავ ქონებაზე კვლევა თიბისი კაპიტალმა ჩაატარა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ პანდემიის წლებში თბილისში კომერციული უძრავი ქონების ვარდნის შემდეგ, სექტორის მაჩვენებლები 2022 წელს მკვეთრად გაუმჯობესდა. კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნამ, საერთაშორისო საზღვრების გახსნამ და დაჩქარებულმა მიგრაციამ ხელი შეუწყო ეკონომიკურ ზრდას და ბიზნესის გააქტიურებას.

„2022 წლის ეკონომიკური ზრდა აისახა კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე, კერძოდ 2022 წელს თუ შევადარებთ 2021 წელს, ქუჩის საცალო ობიექტებში გვაქვს წლიური 7%-იანი ზრდა, სავაჭრო მოლებში 22% ხოლო ოფისებში ასევე 7%. სავაჭრო მოლებში 22%-იანი ზრდა არის დაკავშირებული ორ ფაქტორთან, პირველი ის, რომ აქ საიჯარო ხელშეკრულებები მიბმულია ბიზნესის ბრუნვაზე და ჩვენ ვხედავთ რომ 36%-ით არის გაზრდილი ბრუნვის მაჩვენებელი და მეორე ლარის გამყარება, რამაც გამოიწვია ის რომ დოლარში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. იჯარას თუ შევხედავთ, დავინახავთ რომ 2019 წელთან შედარებით სავაჭრო მოლებში უკვე აჭარბებს პანდემიამდე ნიშნულს. ქუჩის სავაჭრო მაღაზიებსა და ოფისებში მცირედი ჩამორჩენაა, თუმცა ვფიქრობთ, რომ 2023 წელს უკვე ყველა ტიპის კომერციულ ბაზარზე იქნება იჯარის ზრდა.

რაც შეეხება ვაკანტურობას, მოლებში 11-12%-ის ფარგლებშია. თბილისში არსებული 10 მოლი მიმოვიხილეთ და მათზე დაყრდნობით ზოგიერთ მოლში 30%-ს აჭარბებს, ზოგან 5%-ზე დაბალია. ცენტრალურ მოლებში, რომელიც ბოლო 5 წელში გაიხსნა, ჩვენი ანალიზით უკეთესი ვითარებაა, ამ მოლებშია ზუსტად ვაკანტურობა დაბალ ნიშნულზე. უფრო ძველ მოლებს უჭირთ ვაკანტურობის შემცირება და მიმდინარეობს გადაწყობები და საოფისე ფართის მოწყობა“, - განაცხადა BMG-თან კვლევის ავტორმა გიორგი მჟავანაძემ.

ამავე კვლევის მიხედვით, გასულ წელს 22%-ით გაიზარდა კომერციული უძრავი ქონების ფასიც და საშუალოდ 21-22$-ის ფარგლებში მერყეობს. გარეუბნებში არსებულ მოლებში ფასი 14-15$-ის, ცენტრალურში კი 30$-ზე მაღალია. გიორგი მჟავანაძე ამბობს, რომ მოთხოვნა რაოდენობრივად გარეუბნებზე მოდის.

„მოლებში 2022 წელს 22%-იანი ზრდაა და 21-22 დოლარის ფარგლებში მერყეობს საშუალო შეწონილი ფასი. ზოგიერთ მოლში 30 დოლარზე მეტია, ზოგან 12 დოლარია. ფასები იცვლება ფართის ზომის მიხედვით, რაც უფრო მცირეა მით უფრო დიდია იჯარის ფასი და პირიქით. ვაკეში, ჩუღურეთსა და მთაწმინდაზეა ყველაზე მაღალი საშუალო ფასი - 25დოლარის ფარგლებში, როდესაც გარეუბნებში 14 -15$-ია. რაოდენობრივად მოთხოვნა გარეუბნებზე უფრო მეტი მოდის“, - განაცხადა მჟავანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები