თბილისსა და კახეთში უნაღდო დანახარჯები გაიზარდა, აჭარაში კი შემოდგომით აქტივობის შენელებას ელიან - 2026 წლის აგვისტოში არარეზიდენტების (უცხოელი ტურისტების) ჯამური უნაღდო დანახარჯების პოზიტიური ზრდის ტემპი შენარჩუნდა. „თიბისი კაპიტალის“ კვლევის, „ტურიზმის პულსის“ მიხედვით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები 26%-ით, ხოლო ტრანზაქციების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა.
კვლევის ავტორების განმარტებით, ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის ტემპმა გადააჭარბა ჯამური დანახარჯების ზრდას, რაც მიუთითებს, რომ ტურისტული აქტივობა კვლავ ძლიერი იყო, ხოლო ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი შემცირდა. ტრანზაქციის საშუალო მოცულობით კი კვლავ აჭარის რეგიონი ლიდერობდა.
„თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, შემოდგომის პერიოდში თბილისსა და კახეთში ტურისტული დანახარჯებისა და აქტივობის ზრდის ტენდენცია გაგრძელდება. რაც შეეხება აჭარას, ზაფხულის პიკური სეზონის დასრულების გამო, მოსალოდნელია აქტივობის შენელება.
შენიშვნა: კვლევაში მოყვანილი ზრდის ტემპები გამოთვლილია თიბისი ბანკის არხებით (POS ტერმინალები და ელ-კომერცია) განხორციელებულ ხარჯვაზე დაყრდნობით და შესაძლოა ოდნავ განსხვავდებოდეს ჯამური საბაზრო დინამიკისგან.
























