2026 წელს თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ჯამში 50 500 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით 10-15%-იან ზრდას ნიშნავს. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ვიცე პრეზიდენტმა, ირინა კვახაძემ უძრავი ქონების კონფერენცია GREMO-ზე განაცხადა.
მისი თქმით, მთლიანი ტრანზაქციებიდან 17 000 მეორად ბაზარზე მოდის, 20 000 საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ პირველად გაყიდვებზე, ხოლო 12 900 რეესტრს მიღმა დარჩენილ ე.წ. შიდა განვადებებზე.
რაც შეეხება ფასებს, 2024 წლიდან ზრდის ტემპი დასტაბილურდა და წლიურ 4-5%-ს შეადგენს, თუმცა 2022 წელთან შედარებით, ლუქს სეგმენტის გარდა, ყველა კატეგორიის ბინა 30-45%-ით არის გაძვირებული.
„2024 წლიდან ფასების ზრდა შედარებით მოკრძალებულია და 4-5%-ის ფარგლებშია. ამ ზრდას სამი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს. პირველი მოთხოვნაა. მეორე ხარჯები და ბაზრის მიერ მარჟების შენარჩუნების შესაძლებლობაა, რადგან განვლილი წლები სამშენებლო სექტორისთვის ინფლაციური იყო. მესამე კი ვალუტის კურსია, რადგან ლარის გამყარებისას დოლარში გამოხატული ფასი იზრდება“,- ამბობს ის.
კვახაძის განმარტებით, ფასების ზრდას ძლიერ მოთხოვნასა და გაზრდილ სამშენებლო ხარჯებთან ერთად, ბაზარზე ახალი ტიპის მულტიფუნქციური პროექტების გაჩენა განაპირობებს.
კვლევის თანახმად, მიმდინარე 175 პროექტის საწყისი მარაგიდან (61 500 ბინიდან) გასაყიდი მხოლოდ 29%-ია დარჩენილი, საშუალო გასაყიდი ფასი კი კვ.მ.-ზე 2 156$-ს შეადგენს. ამასთან, საერთაშორისო ბაზრებთან შედარებით, თბილისი კვლავ დაბალი ფასითა და მაღალი საინვესტიციო ამონაგებით გამოირჩევა. ამ მაჩვენებლით დედაქალაქი ასტანას, ტაშკენტის, დუბაისა და სტამბოლის შემდეგ მეხუთე ადგილს იკავებს, მშპ-სთან მიმართებით კი ფასის ზრდის რესურსი კვლავ არსებობს.
























