მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად/რამდენს ხარჯავენ უცხოელი ტურისტები საქართველოში - „თიბისი კაპიტალის“ კვლევა

ბარათით გადახდა

2026 წლის აგვისტოში არარეზიდენტების (უცხოელი ტურისტების) ჯამური უნაღდო დანახარჯების პოზიტიური ზრდის ტემპი შენარჩუნდა. „თიბისი კაპიტალის“ კვლევის, „ტურიზმის პულსის“ მიხედვით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები 26%-ით, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა.

კვლევის ავტორების განმარტებით, ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის ტემპმა გადააჭარბა ჯამური დანახარჯების ზრდას, რაც მიუთითებს, რომ ტურისტული აქტივობა კვლავ ძლიერი იყო, თურცა ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი შემცირდა. ტრანზაქციის საშუალო მოცულობით კი კვლავ აჭარის რეგიონი ლიდერობდა.

დინამიკა საქართველოს ძირითად ტურისტულ რეგიონებში:

თბილისი: დედაქალაქში დადებითი დინამიკა შენარჩუნდა როგორც სასტუმროებში, ისე რესტორნებში. სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 13%-ით გაიზარდა (საშუალო დანახარჯი - 728 ლარი), ხოლო რესტორნებში განსაკუთრებით ძლიერი ზრდა - 54% დაფიქსირდა (საშუალო დანახარჯი - 78 ლარი).

აჭარა: რეგიონში სასტუმროების სექტორში უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 54%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯმა 1 019 ლარი შეადგინა. თუმცა რესტორნების კატეგორიაში დანახარჯები გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 6%-ით შემცირდა (საშუალო დანახარჯი - 156 ლარი).

კახეთი: ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა კახეთის რეგიონშიც, სადაც უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში 17%-ით (საშუალო დანახარჯი - 565 ლარი), ხოლო რესტორნებში 38%-ით გაიზარდა (საშუალო დანახარჯი - 119 ლარი).

„თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, შემოდგომის პერიოდში თბილისსა და კახეთში ტურისტული დანახარჯების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება. რაც შეეხება აჭარას, ზაფხულის პიკური სეზონის დასრულების გამო, მოსალოდნელია აქტივობის შენელება.

კვლევაში მოყვანილი ზრდის ტემპები გამოთვლილია თიბისი ბანკის არხებით (POS ტერმინალები და ელ-კომერცია) განხორციელებულ ხარჯვაზე დაყრდნობით და შესაძლოა ოდნავ განსხვავდებოდეს ჯამური საბაზრო დინამიკისგან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები