მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გასული 2 თვის საფუძველზე მომავალს ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებთ“ - Ornament Boutique Hotel

60af94493bb51
ვიქტორია მღებრიშვილი
28.05.21 09:40
2458
სასტუმრო Ornament Boutique Hotel, რომელმაც პირველი სტუმრები 2019 წლის სექტემბერში მიიღო, პანდემიის პერიოდში 2 ლოქდაუნის შემდეგ, ოპერირება 2021 მარტში განაახლა.

სასტუმროს დამფუძნებელი ირაკლი მოსავლიძე BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სასტუმროსთვის პანდემიური წელი რთული იყო, თუმცა მათ ამ პერიოდის დაძლევა შეძლეს და გაზაფხულზე სტუმრების მიღება დაიწყეს.

„აპრილი-მაისში სასტუმროს დატვირთულობა 30-40%-ის ფარგლებშია, ძირითადად სტუმრები უკრაინიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან არიან. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ფასები 30%-ითაა შემცირებული“, - აცხადებს ირაკლი მოსავლიძე.




გამოწვევებზე საუბრისას, სასტუმროს მფლობელი მთავარ ამოცანად პანდემიასთან გამკლავებას ასახელებს და რეგულაციების დაცვის პარალელურად სახმელეთო საზღვრების გახსნას დადებითად აფასებს.

„მოსახლეობა დადგენილი წესები მაქსიმალურად უნდა შეასრულოს, რათა უმოკლეს ვადაში პანდემიის დამარცხება შევძლოთ. სასტუმროში მაქსიმალურად ყველა მოთხოვნაა დაცული. აღნიშნულის გარდა, გარკვეული ფინანსური ვალდებულებების დაფარვა კვლავ დიდ პრობლემად რჩება, რადგან როგორც ზევით აღვნიშნეთ სასტუმროში დატვირთულობა შემცირებულია, ხოლო ფასები საგრძნობლად დაბალია.

მთავრობის გადაწყვეტილება, სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით, ჩვენი სფეროსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ველოდებით დამსვენებლების გააქტიურებას მეზობელი ქვეყნებიდან. ამასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვა, რადგან მომავალში ნებისმიერი ტიპის შეზღუდვა ან აკრძალვა ურთულესი დასაძლევი იქნება სექტორისთვის“, - ამბობს Ornament Boutique Hotel-ის დამფუძნებელი.



ირაკლი მოსავლიძე მიმდინარე წლის ტურისტული სეზონის აღდგენას სიფრთხილით აფასებს და ამბობს, რომ სასტუმროს ადმინისტრაციისთვის თანამშრომლების შენარჩუნება უპირველესი ამოცანაა.

„გასული ორი თვის მონაცემები საფუძველს გვაძლევს მომავალს ფრთხილი ოპტიმიზმით შევხედოთ, თუმცა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება. მიმდინარე წელს სასტუმროს გეგმა მინიმუმ თანამშრომლების შენარჩუნება და საბანკო ვალდებულებების გადახდაა. ამ გეგმის განხორციელება შესაძლებლად მიგვაჩნია, თუ ქვეყანაში უსაფრთხო გარემო შენარჩუნდება. დამატებით პოზიტიურ მოლოდინებს სახმელეთო საზღვრების გახსნა განაპირობებს, რადგან დამსვენებლების მნიშვნელოვანი წილი პანდემიამდე მეზობელ ქვეყნებზე მოდიოდა“, - უთხრა BM.GE-ის სასტუმროს მფლობელმა.

ცნობისთვის, Ornament Boutique Hotel ბუტიკური სტილის 15 ნომრიანი სასტუმროა, რომელიც დღეისთვის 10 ადამიანს ასაქმებს. ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 1 მლნ ლარი შეადგინა, რომელიც სასტუმროს მშენებლობას მოხმარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები