მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 16-22 თებერვალი

ბაჩიაშვილი

გთავაზობთ 16-22 თებერვლის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში.

გიორგი ბაჩიაშვილმა საპატიმრო საპროცესო გარიგების შედეგად დატოვა

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი CEO გიორგი ბაჩიაშვილი თავისუფალია - ამის შესახებ განცხადება 18 თებერვალს პროკურატურამ გააკეთა. უწყების თანახმად, ბაჩიაშვილმა "სრულად აანაზღაურა ზიანი" და აღიარა ბრალი. ასევე მორიგება შედგა სამოქალაქო საქმეზე, რომელშიც მხარე იყო ბიძინა ივანიშვილი და მის ფარგლებში ბაჩიაშვილს ივანიშვილი 9000 ერთეული ბიტკოინის (მიმდინარე ფასი 606 მილიონი დოლარი) გადახდას ედავებოდა.

საქმეზე კომენტარი გააკეთა გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა, მისი თქმით, შეთანხმებები შედგა როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო საქმეზე.

"საპროცესო გარიგება შედგა გიორგი ბაჩიაშვილსა და პროკურორს შორის ჩემი მონაწილეობით, როგორც კანონი ითვალისწინებს დაზარალებულის წარმომადგენელი მსგავს გარიგებაში არ მონაწილეობს. დაზარალებულს [ბიძინა ივანიშვილი] და ბაჩიაშვილს შორის მორიგება სამოქალაქო საქმეზე შედგა,"- განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

"ქოლცენტრების საქმეზე" ჟურნალისტ ელისო კილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

19 თებერვალს „ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელ ელისო კილაძეს, ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, ბიზნესმენ ძმებ მიქაძეებსა და „ქოლცენტრების საქმეზე“ სხვა ბრალდებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა. ამის შესახებ საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, რომელიც დახურულ რეჟიმში ჩატარდა.

ბიზნესმენ ვანო გოგლიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა კომპანია "ბატონოს" დირექტორს, ბიზნესმენ ვანო გოგლიძეს, რომელიც სამინისტროებისთვის ფალსიფიცირებული კონსერვის მიწოდებისთვის დააკავეს. ადვოკატი 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა. ვანო გოგლიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მესამე ნაწილით (საკვები პროდუქტის ფალსიფიკაცია, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ თავად ბიზნესმენი ბრალს არ აღიარებს. კომპანია "ბატონო" ძროხის ხორცის და თევზის კონსერვებს "კულას" ბრენდით ყიდდა და მის ძირითად მომხმარებელს კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში სახელმწიფო წარმოადგენდა.

"ფასების საპარლამენტო კომისია" სურსათის ფასების შესასწავლ კვლევას "დიდი ოთხუელის" კომპანიას დაუკვეთავს

"ფასების საპარლამენტო კომისიის" თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის თქმით, სურსათის ფასების შესწავლის პროცესში მსოფლიოს წამყვანი აუდიტორული კომპანია ჩაერთვება.

ბერეკაშვილმა bm.ge-სთან თქვა, რომ კომისიამ უკვე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს შუამდგომლობით, რათა ე.წ. Big Four-იდან მოიწვიონ საერთაშორისო კომპანია, რომელიც ბაზრის დამოუკიდებელ კვლევას ჩაატარებს.

"Big Four" მსოფლიოს ოთხ უმსხვილეს პროფესიული მომსახურების ქსელს აერთიანებს: Deloitte, PwC, EY და KPMG. მიუხედავად იმისა, რომ მათ ხშირად "აუდიტორულ კომპანიებად" მოიხსენიებენ, რეალურად ისინი გლობალური საკონსულტაციო და კვლევითი გიგანტები არიან.

შოთა ბერეკაშვილის განმარტებით, საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა პროცესს მეტ ობიექტურობას შესძენს.

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზების გადამოწმებას იწყებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დღეს სოციალური შემწეობების მიმღებთა ბაზების გადახედვის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ბაზა არ შეესაბამება რეალურ სურათს და მასში არიან პირები, რომელთაც 2025 წელს შეძენილი ახალი ავტომობილებიც კი ეკუთვნით. კითხვაზე თუ რა პროცენტული მაჩვენებლით შეიძლება შემცირდეს ბაზაში არსებული მოქალაქეების რიცხვი, მინისტრი აცხადებს, რომ ამ მხრივ კლება ორნიშნა იქნება.

2026 წლის იანვრის მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვმა 710,000-ს გადააჭარბა, რაც დეკემბერთან შედარებით 2000-ით გაზრდილია, წლიურად მატება 4,000-ს აღემატება, 2024 წელთან შედარებით ბაზა 39,000-ით გაიზარდა, 10-წლიან ჭრილში კი მატება 278,000-ს აღემატება.

იანვარში ფულადი გზავნილები 282 მილიონ დოლარამდე გაიზარდა

2026 წლის იანვარში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 282 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.6%-ით გაიზარდა.

ქვეყნების მიხედვით 53 მილიონი დოლარით პირველი ადგილი იტალიამ დაიკავა, რომელიც გასული თვეების განმავლობაში აშშ-ის შემდეგ მეორე პოზიციას იკავებდა. აშშ-დან გადმორიცხული თანხის ოდენობა 52 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 10%-ით გაიზარდა, რუსეთი კი 33.5 მილიონი დოლარით მესამე პოზიციას იკავებს, ამასთან რუსეთიდან გზავნილები 32%-ით გაიზარდა.

ელექტროენერგიის მოხმარება 18%-ით გაიზარდა

2026 წლის იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 17.9%-ით, 1,439 გვტ. საათამდე გაიზარდა. იანვარში საცალო მოხმარება წლიურად 8.7%-ით, 829 გვტ. საათამდე, ხოლო პირდაპირი მოხმარება 34.6%-ით, 294 გვტ. საათამდე გაიზარდა. ასევე, მკვეთრად გაზრდილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოხმარება წლიურად 31.6%-ით, 315 გვტ. საათამდე.

რაც შეეხება გამომუშავებას, ის წლიურად 1.4%-ით, 910 გვტ. საათამდე შემცირდა. ჰიდროსადგურების გამომუშავება წლიურად შემცირებულია 3.3%-ით 534 გვტ. საათამდე, ქარის სადგურის გამომუშავება შემცირდა 19.2%-ით 5.3 გვტ. საათამდე, ხოლო თბოსადგურების გამომუშავება 1.3%-ით, 370 გვტ. საათამდე გაიზარდა.

საქართველომ აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაზე სიმბოლური ტარიფი დააწესა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაზე სიმბოლური ტარიფი დაწესდა. ამისთვის კი სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ხუდატინმა მარიამ ქვრივიშვილს მადლობა გადაუხადა.

უწყების ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდატიანთან საქართველოსა და სომხეთს შორის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები განიხილა. შეხვედრა საქართველოს დელეგაციის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოდან ავტოექსპორტი შემცირდა

2026 წლის იანვარში საქართველოდან უცხოეთში 100.7 მილიონი დოლარის ავტომობილები გავიდა რეექსპორტზე. ექსპორტის ეს მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22.5%-ით, ანუ 29.3 მილიონი დოლარით ნაკლებია.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ავტოექსპორტის კლება უკავშირდება ცენტრალური აზიის მიმართულებით ექსპორტის შემცირებას, კერძოდ უმსხვილეს ბაზარზე - ყირგიზეთში 30%-იანი კლებაა, რის შედეგადაც ექსპორტი 47.8 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ასევე შემცირებაა ყაზახეთის მიმართულებითაც, 37%-ის ოდენობით, რის შედეგადაც ექსპორტი 23.5 მილიონ დოლარამდე შემცირდა. თუმცა ზრდა არის ტაჯიკეთის ბაზარზე, სადაც 2026 წლის იანვარში 4.9 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები გავიდა ექსპორტზე.

"ბლექ სი პეტროლიუმმა" სალიცენზიო შეთანხმება ამერიკულ Honeywell-თან გააფორმა

კომპანია "ბლექ სი პეროლიუმმა" (Black Sea Petroleum - BSP) მნიშვნელოვანი საინჟინრო და სალიცენზიო შეთანხმება გააფორმა ტექნოლოგიურ გიგანტ Honeywell-თან. როგორც bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს, ხელშეკრულება ითვალისწინებს ნავთობგადამუშავების ძირითადი დანადგარების დაპროექტებასა და ლიცენზირებას, რაც ისტორიული წინ გადადგმული ნაბიჯია როგორც კომპანიისთვის, ისე საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებისათვის.

"ბლექ სი პეტროლიუმი" ყულევში აშენებს სრული ციკლის, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომლის ნომინალური წლიური წარმადობა 4,5 მილიონ ტონამდეა. BSP-ში აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში კომპანიამ უკვე წარმატებით დაასრულა ქარხნის პირველი ეტაპი წლიური ნომინალური სიმძლავრით 1,2 მლნ ტონა. ამჟამად მიმდინარეობს მეორე ეტაპის მშენებლობა, რომლის ნომინალური სიმძლავრე წელიწადში 3,3 მილიონი ტონა იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები