გთავაზობთ გასული კვირის - 3-9 აგვისტოს მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობს მთავრობამ შემცირებისკენ გადახედა
საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის შემცირებული პროექტი წარადგინა. განახლებული გზშ-ის მიხედვით, 2025 წლის პროექტთან შედარებით მცირდება საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობი, ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების მოცულობა და მისასვლელი არხის ზომები. პორტის შესაბამისი ინფრასტრუქტურის ფართობი 113.1-დან 105 ჰექტრამდე, ფსკერიდან ამოსაღები მასალა კი 7.5-დან 5.25 მილიონ კუბურ მეტრამდე, ანუ 30%-ით მცირდება. მისასვლელი არხის სიგრძე 2-დან 1.8 კმ-მდე, სიღრმე კი 20.31-დან 18 მეტრამდე იკლებს. მოსაბრუნებელი აუზის სიღრმეც 17.21-დან 15.2 მეტრამდე მცირდება.
საქართველოს სავალუტო რეზერვები 7.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა
2026 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წლიურ ჭრილში დაახლოებით 50%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 7.53 მლრდ აშშ დოლარს, მიაღწია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თვის ჭრილში საერთაშორისო რეზერვები 404.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლებიც. მიმდინარე შეფასებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი (ARA Metric) 118.7%-ს შეადგენს.
S&P Global-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი გაზარდა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1 პროცენტული პუნქტით გაზარდა. სააგენტოს ახალი შეფასებით, წელს საქართველოს ეკონომიკა 6.4%-ით გაიზრდება, მაშინ როდესაც თებერვალში გამოქვეყნებულ პროგნოზში ზრდა 5.4%-ის დონეზე იყო ნავარაუდევი. S&P-ის განახლებული შეფასებით, უცვლელად დარჩა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე, თუმცა გაუმჯობესდა რეიტინგის პერსპექტივა და "სტაბილური" მოლოდინი "პოზიტიურით" შეიცვალა. S&P-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ბოლო წლებში მაღალი ტემპით მიმდინარეობდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში რეალური ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 8.3% შეადგინა, რაც სააგენტოს შეფასებით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
5 აგვისტოს საქართველოში ელექტროენერგია მესამედ სისტემურად გაითიშა
5 აგვისტოს თბილისის დროით 20:11-ზე საქართველოში ელექტროენერგია მესამედ სისტემურად გაითიშა. მიწოდების აღდგენას რამდენიმე საათი დასჭირდა. სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა განაცხადა, რომ სრულად გათიშვა იმ დღეს, ენგურჰესის აგრეგატებზე ტესტირებისას მოხდა. აღნიშნული ტესტირებები კი 23-25 ივლისის გათიშვების მიზეზის დადგენას ემსახურებოდა.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას 8 მილიონი ლარი დაემატა
თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტს 7.8 მილიონ ლარს ამატებს - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ორი დამატებითი ტენდერიდან ირკვევა, რომელთა აღწერის თანახმადაც საუბარია ჭოველიძის ქუჩიდან მეტრო რუსთაველამდე ტროტუარების რეაბილიტაციაზე. ტენდერებს დეტალური საპროექტო აღწერები არ ახლავს თან, მათში მონაწილეობის მიღება კომპანიებს 17 აგვისტომდე შეეძლებათ. არსებული მდგომარეობით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე კომპანია "სმარტ სოლუშენსი" მუშაობს, რომელმაც სამუშაოები ნოემბრამდე უნდა დაასრულოს. თავის მხრივ, კომპანიის დირექტორმა, ლევან გოგსაძემ BMG-ის ჯერ კიდევ 29 ივლისს განუცხადა, რომ სავარაუდოდ პროექტის 100-დღიან ვადაში დასრულება ვერ მოესწრება. პარალელურად, კომპანია GWP რუსთაველის გამზირზე სასმელი წყლის და კანალიზაციის ინფრასტრუქტურასაც ცვლის, რაშიც 12.5 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა - Bank of Georgia Group PLC (BGEO)-ის აქციების ფასი 7.15%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 124.40 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 6.12 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. „თიბისი ბანკის ჯგუფის“ (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 2.58%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 49.36 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.72 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. რაც შეეხება „საქართველოს კაპიტალის“ (Georgia Capital PLC) აქციებს, ის 11.25%-ით გაიზარდა და 44.00 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.05 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
ბათუმის ნავთობტერმინალი ახალ ინვესტიციებზე უარს ამბობს - კომპანიის განმარტება
ბათუმის პორტისა და ნავთობტერმინალის ოპერატორი, შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ ახალი სარეზერვუარო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და გაფართოების გეგმებზე უარს ამბობს. ამის ნაცვლად, კომპანია არსებული ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შემცირებასა და ოპტიმიზაციას გეგმავს, რაც რეზერვუარების ნაწილის დემონტაჟს, ნაწილის ექსპლუატაციიდან გამოყვანასა და მათი ფუნქციური დანიშნულების ცვლილებას ითვალისწინებს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის წარდგენილი გზშ დოკუმენტაციიდან ხდება ცნობილი.
თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის საქართველო-ADB-ის შორის $250-მილიონიანი სასესხო შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება, რომელიც თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს. დოკუმენტს ხელი ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლაჰმმა მოაწერეს. პროექტის ფარგლებში იგეგმება თბილისის შემოვლითი გზის, დაახლოებით, 18.9-კილომეტრიანი, ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც გამყოფი ზოლით იქნება აღჭურვილი. გამოყოფილი დაფინანსება კონკრეტულად ორ მონაკვეთს მოხმარდება: ლოტი 4: თბილისის აეროპორტი – ლოჭინი; ლოტი 5: ლოჭინი – რუსთავი.




























