გთავაზობთ 9-15 მარტის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში.
6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების განბაჟების აქციზის გადასახადი 5.6-ჯერ იზრდება
მთავრობამ 6 წელზე მეტი ასაკის ავტოიმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება შეცვალა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. არსებული მდგომარეობით, 6 წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული ავტომობილების იმპორტისას მათი განბაჟებისთვის ძრავის თითოეული კუბური სანტიმეტრი 0.8 ლარის აქციზით იბეგრება, წარდგენილი ცვლილებით კი ტარიფი 4.5 ლარი გახდება, რაც აქციზის 5.6-ჯერ გაზრდას ნიშნავს.
ეს ნიშნავს, რომ 1.5 ლიტრის ძრავის მქონე ავტომობილის აქციზი 1.2 ათასი ლარიდან 6.75 ათას ლარამდე იზრდება; 2 ლიტრის ძრავისთვის აქციზის მოსაკრებელი 1.6 ლარიდან 9 ათას ლარამდე იზრდება, 2.5 ლიტრის მოცულობის მქონე ძრავისთვის კი მოსაკრებელი 2 ათასი ლარიდან 11.25 ათას ლარამდე მოიმატებს.
2027 წლის 1 თებერვლიდან საქართველოში პლასტიკის ბოთლით სასმელების რეალიზაცია იკრძალება
2027 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს ბაზარზე გაზიანი, გამაგრილებელი სასმელების, ალკოჰოლის და მტკნარი წყლის პლასტიკის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა იგეგმება. გამონაკლისი ეხება წყლის მიმართულებით 3 ლიტრზე დიდ ბოთლებს, ხოლო გაზიანი გამაგრილებელი სასმელების მიმართულებით 20 ლიტრზე დიდ ბოთლებს. შესაბამისად, რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში ბაზრიდან გაქრება ფაქტობრივად ყველა დასახელების ადგილობრივი წარმოების თუ იმპორტირებული სასმელი, რომელიც დღეს პლასტიკის ბოთლებით იყიდება. საკანონმდებლო მაცნეზე შესაბამისი ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.
ამოქმედების შემთხვევაში საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება რომელიც PET-ის პლასტიკის ბოთლებს სრულად აკრძალავს.
ფინანსური ზარალი, კადრების ოპტიმიზაცია, კომპანიების ნაწილის დახურვა - "წყალი მარგებელის" განცხადება პლასტიკის ბოთლის აკრძალვაზე
ფინანსური ზარალი, კადრების ოპტიმიზაცია, კომპანიების ნაწილის დახურვა - ამ რისკების შესაძლებლობას გამოყოფენ „წყალი მარგებელში“ პლასტიკის შეფუთვაში სასმელების გაყიდვის აკრძალვის შემთხვევაში. მინერალური და მტკნარი წყლების ერთ-ერთ მსხვილი ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიის მიერ BM.GE-სთვის გამოგზავნილ პასუხში ნათქვამია, რომ ინდუსტრიაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციების ფონზე, აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივი წარმოებისთვის რისკების შემცველია.
"აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვან რისკებს უქმნის ადგილობრივ წარმოებას. აღსანიშნავია ისიც, რომ უალკოჰოლო სასმელების PET შეფუთვა ნარჩენების საერთო ნაკადში 10%-საც არ აღწევს. შესაბამისად, მხოლოდ ამ სექტორზე მსგავსი ტიპის შეზღუდვის გავრცელება სისტემურ შედეგს ვერ მოიტანს. ჩვენი მხრიდან არსებობს სრული მზადყოფნა კონსტრუქციული კონსულტაციებისთვის, რათა წარვადგინოთ ჩვენი არგუმენტები და შევიმუშაოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება დაბალანსებული და პრაქტიკულად განხორციელებადი,"- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
სექტორში 2000 სამუშაო ადგილი შეიძლება დაიკარგოს, ფასი კი ლიტრზე 2.5-ჯერ გაიზარდოს - პეპსი საქართველო პლასტიკის ბოთლის აკრძალვაზე
„ზოგიერთი ქარხანა დაიხურება, ხალხი კი ალტერნატიული დასაქმების გარეშე დარჩება“ - „პეპსი საქართველო“ პლასტმასის ბოთლების აკრძალვის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს. ნინო მამისაშვილის განცხადებით, რეგულაცია მხოლოდ მათ სექტორში 2 000-ზე მეტი ადამიანის დათხოვნას გამოიწვევს, წარმოების გადაწყობისთვის საჭირო 2 წლიანი პერიოდი კი გარკვეული დროით ბაზარს პრაქტიკულად გამაგრილებელი სასმელების, ლუდისა და წყლის გარეშე დატოვებს.
“ჩვენი შეფასებით, წარმოების 75-80% თუ PET-ზე მოდის, ამ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ საწარმოო მოცულობები ინდუსტრიაში ალბათ 75%-ით მაინც შემცირდება. ბუნებრივია შემცირდება ჯამური შემოსავალიც. ეს ნეგატიურად იმოქმედებს, როგორც ჩვენ გადახდილ გადასახადებზე, ისე ამ გადაწყვეტილების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდება დასაქმება. ამ სექტორს სამსახურიდან ძალიან ბევრი ადამიანის გათავისუფლება მოუწევს.
მინა ადგილზეც რომ იწარმოებოდეს ისედაც ძვირია და იმპორტის შემთხვევაში ჩვენი შეფასებით, პროდუქტის ფასი 1 ლიტრზე მინიმუმ 2.5 ჯერ გაიზრდება. იმიტომ, რომ დიდ შეფუთვებს ვეღარ ვაწარმოებთ, ანუ ფიზიკურად როგორ წარმოგიდგენიათ ახლა 2 ლიტრ შუშაში ჩამოვასხათ, ან ვინ წაიღებს იმ სიმძიმის იქნება,"- აღნიშნავს ნინო მამისაშვილი.
სასმელების შუშის ბოთლებში ჩამოსხმა მხოლოდ ლოგისტიკურ ხარჯებს 25-ჯერ გააძვირებს - "ნატახტარი"
"ნატახტარის" ("ეფეს საქართველოს") კორპორაციულ საქმეთა დირექტორის ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის თქმით, საქართველოში 2025 წელს ლუდის ბაზრის მოცულობამ 140 მილიონი ლიტრი შეადგინა, ინდუსტრიის გაყიდვების დაახლოებით 70% კი პლასტმასის ბოთლებზე მოდის.
"გაზიან გამაგრილებელ სასმელებთან მიმართებით, საუბარია პროდუქტის დაახლოებით, 100-დან 150%-მდე, 2-2.5-ჯერ გაძვირებაზე და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ შუშის შეფუთვის ღირებულებაზე ერთ ლიტრზე - ის გაცილებით უფრო ძვირია, ვიდრე იგივე ლიმონათი ან იგივე წყალი, პლასტიკის ბოთლში შეფუთვაზე გადათვლილი ერთ ლიტრზე. ეს სხვაობაა 1/2-თან დაახლოებით. სასმელების ინდუსტრიის 80% პლასტმასის ბოთლზე მოდის. ციფრებში რომ დავთვალოთ, 800 მილიონი ლიტრ სასმელს, დღევანდელი მდგომარეობით, ემსახურება დაახლოებით 20 ათასი ტონა პლასტმასი. ეს რომ შუშით ჩავანაცვლოთ, ჩვენ 500 000, ანუ ნახევარი მილიონი ტონა შუშა დაგვჭირდება, რომლის მარტო ლოგისტიკური ხარჯები რომ დავთვალოთ, ეს დაახლოებით 25-ჯერ გაძვირებას იწვევს,"- აღნიშნავს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
პლასტიკის შეფუთვის აკრძალვა არცერთ ბიზნესთან შეთანხმებული არ ყოფილა - თემურ ჭყონია სოლომონ პავლიაშვილს ჰპასუხობს
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ დამფუძნებლის შეფასებით, პლასტიკის ბოთლებში სასმლის გაყიდვის აკრძალვა სასმელების ინდუსტრიას 25 წლით უკან დასწევს. თემურ ჭყონია აცხადებს, რომ აღნიშნულ აკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ბიზნესს არ შეხვედრიან და ბიზნესმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. ასე ჰპასუხობს ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სოლომონ პავლიაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მთავრობა ნებისმიერ გადაწყვეტილებას ბიზნესთან შეთანხმებით იღებს.
თემურ ჭყონია BM.GE-სთან საუბრისას მინისტრის მოადგილის განცხადების იმ ნაწილსაც ეხება, რომელშიც სოლომონ პავლიაშვილი პლასტიკის ბოთლებით სასმლის გაყიდვის აკრძალვას ნარჩენების დაგროვების პრევენციას უწოდებს. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ტექნოლოგიურად 20-ლიტრიანი ბოთლის სასმლის წარმოება წარმოუდგენელია.
2025 წელს საქართველოში FDI 7.6%-ით, 1.7 მილიარდამდე გაიზარდა
საქსტატმა 2025 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს FDI 7.6%-ით, $1.68 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რომელ კომპანიებში ჩაიდო გასულ წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია, საქსტატი ამ ინფორმაციას არ გასცემს თანხების მითითებით, ხოლო მოწოდებული ინფორმაცია რიგითობის მიხედვით არ არის დალაგებული. კომპანიების ათეულში რომლებშიც გასულ წელს ყველაზე მეტი FDI ჩაიდო შედიან კომპანიები საფინანსო; ენერგეტიკის; ლოგისტიკის; ტრანსპორტის; მძიმე მრეწველობისა და უძრავი ქონების სექტორებიდან.
კომპანიები, რომლებშიც ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო 2025 წელს (კომპანიები რიგითობის მიხედვით არაა დალაგებული)
- აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი – დამმუშავებელი მრეწველობა – ნიდერლანდები
- შპს მაგთიკომი – ინფორმაცია და კომუნიკაცია – აშშ
- შპს თბილისი ენერჯი – ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – მარშალის კუნძულები
- შპს ტავ ურბან საქართველო – ტრანსპორტი და დასაწყობება – გაერთიანებული სამეფო / თურქეთი
- შპს ქართული ცემენტი – დამმუშავებელი მრეწველობა – ნიდერლანდები
- შპს სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ – საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – მალტა
- შპს აკვალია საქართველო – წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები – ესპანეთი
- შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია – უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – აშშ
- სს ბიჯეო ჯგუფი – საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – გაერთიანებული სამეფო
- შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი – ტრანსპორტი და დასაწყობება – აზერბაიჯანი.
რაც შეეხება უფრო დეტალურად, FDI-ის სტატისტიკას, სექტორების მიხედვით, პირველ ადგილზეა საფინანსო სექტორი, მეორე პოზიციას იკავებს უძრავი ქონება, მესამე ადგილზე კი ტრანსპორტის და ლოგისტიკის სექტორია. უფრო დეტალურად ინვესტიციები ასე ნაწილდება:
სექტორები, რომლებშიც 2025 წელს ყველაზე მეტი FDI ჩაიდო:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები — 607 მილიონი დოლარი, ზრდა 5%;
- უძრავი ქონება — 185.7 მილიონი დოლარი, ზრდა 2%;
- ტრანსპორტი — 166.1 მილიონი დოლარი, ზრდა 58%;
- დამმუშავებელი მრეწველობა — 161.3 მილიონი დოლარი, კლება 12%;
- ინფორმაცია და კომუნიკაცია — 115.2 მილიონი დოლარი, ზრდა 77%;
- მშენებლობა — 95.7 მილიონი დოლარი, ზრდა 555%;
- ვაჭრობა — 52.1 მილიონი დოლარი, კლება 68%;
- ხელოვნება, გართობა და დასვენება — 49.7 მილიონი დოლარი, ზრდა 78%;
- განათლება — 11.7 მილიონი დოლარი, კლება 35%;
- სოფლის მეურნეობა — 4.2 მილიონი დოლარი, კლება 158%.
- დანარჩენი სექტორები — 239.9 მილიონი დოლარი, ზრდა 1%.
საქართველოში საწვავი გაძვირდა
ირანში აშშ-ის და ისრაელის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების და ირანის შეიარაღებული ძალების მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას მსოფლიოში ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა მოჰყვა. აღნიშნულის ფონზე საწვავი გაძვირდა საქართველოშიც. საქართველოში მოქმედ ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ფასების კორექტირება 7 მარტიდან დაიწყო, აღნიშნული პერიოდის შემდეგ რეგულარის მარკის საწვავზე ფასები 4-15 თეთრით გაიზარდა და ამჟამად 2.97-3.12 ლარის ფარგლებშია; პრემიუმის ფასები 4-16 თეთრით დაკორექტირდა და ამჟამამად 3.10-3.27 ლარის ფარგლებშია; სუპერზე კი ფასები 1-15 თეთრის ფარგლებში გაიზარდა და ამჟამად 3.50-3.69 ლარის ფარგლებშია. ევრო დიზელის ფასები კი 12-32 თეთრით დაკორექტირდა და ამჟამად3.10-3.45 ლარის ფარგლებშია წამყვან ქსელებში.
Eagle Hills-ი 2025 წლის IV კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების TOP-10-ეულში მოხვდა
საქსტატის თანახმად, ამ კომპანიების ათეულში, რომლებმაც 2025 წლის მეოთხე კვარტალში ქვეყანაში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩადეს შედის კომპანია "იგლ ჰილს საქართველოც", რომელიც უმსხვილესი ინვესტორების რეიტინგში პირველად მოხვდა. ამასთან, იმის შესახებ ინფორმაცია თუ რა მოცულობის ინვესტიცია ჩაიდო ამ კომპანიაში კომერციული საიდუმლოებაა, თუმცა ცნობილია, რომ საქსტატი "იგლ ჰილსში" ჩადებულ ინვესტიციებს აღრიცხავს როგორც მშენებლობის სექტორში განხორციელებულ ინვესტიციას, ხოლო სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის IV კვარტალში მშენებლობის სექტორში შემომავალი საინვესტიციო ნაკადები 33 მილიონ დოლარს შეადგენდა.
EU-მ ყულევის სანქცირებაზე პირველად პროექტს გადახედა და პორტი სანქციების მეოცე პაკეტის პროექტიდან ამოიღო
ევროკავშირმა სანქციების მე-20 პაკეტიდან ყულევის პორტი ამოიღო - ამის შესახებ აღნიშნულია დევიდ ო'სალივანის წერილში, რომელიც მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს მიწერა.
"საქართველოში მდებარე ყულევის პორტის ჩართვა თავდაპირველად განიხილებოდა სანქციების მე-20 პაკეტში, რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაში მისი როლისა და პორტში „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების შესვლის გამო განიხილებოდა. ეს საწყისი პოზიცია გადაიხედა მას შემდეგ, რაც თქვენმა ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები აიღეს. მივესალმები თქვენს ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების პორტებში შესვლას ან მომსახურების მიღებას.
ვალდებულება აგრეთვე აიღო SOCAR-მა, რომ იმოქმედებს ევროკავშირის შესაბამისი სანქციების მკაცრი დაცვით, მათ შორის ფასის ზედა ზღვრის გათვალისწინებით და რუსულ ნედლ ნავთობზე და მისგან წარმოებულ ნავთობპროდუქტებზე ევროკავშირის მიერ დაწესებული იმპორტის აკრძალვის დაცვით,"- აღნიშნულია წერილში.
ამბასადორის კუნძულზე პირველი თაუერის საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ცერემონია გაიმართა
ამბასადორის კუნძულზე პირველი თაუერის საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელში მონაწილეობაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრებთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ერთად მიიღო. მულტიფუნქციური კომპლექსის ჯამური ინვესტიცია 200 მლნ აშშ დოლარი იქნება.
აღსანიშნავია, რომ მარჯვენა ნახევარკუნძულის 22 ჰა მიწის ტერიტორია შევიდა ექსპლუატაციაში და ამჟამად, საპროექტო არეალზე ჯამურად 48 ჰა, ზღვაში ხელოვნურად ფორმირებული მიწაა ექსპლუატაციაში მიღებული.




























