გთავაზობთ გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში - 11-17 აგვისტოსთვის.
“კონკურენცია არ იზღუდება” - ეროვნული ბანკი “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთის” შესყიდვაზე
ეროვნული ბანკის შეფასებით, ბაზისბანკის მიერ ლიბერთი ბანკის შესყიდვა ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის ეფექტის მქონე არ იქნება. ამის შესახებ სებ-ის კონკურენციის კომიტეტის გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული.
"წარმოდგენილი შეტყობინების განხილვის ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა შესაბამის ბაზრად განსაზღვრა სასესხო პროდუქტების ბაზარი, რამდენადაც ორივე ბანკის შემთხვევაში, მიღებული შემოსავლის ძირითად ნაწილს შეადგენს სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლები. შესაბამის ბაზარზე სს „ბაზისბანკის“ წილმა შეადგინა 4,51 %, ხოლო სს „ლიბერთი ბანკის“ წილმა - 5,6 %. ამდენად, დადგინდა, რომ კონცენტრაციის შედეგად მიღებულ საერთო საბაზრო წილი შეადგენს 10,11 %-ს,"- ნათქვამია შეფასებაში.
მთავრობამ აეროპორტის მიმდებარედ 70,000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის ასაშენებლად 876 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა
საქართველოს მთავრობამ 70,000 მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონის პროექტირება-მშენებლობისთვის 876 მილიონი ლარის ღირებულების საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. სტადიონისთვის შერჩეული 270,615 კვადრატული მეტრის ტერიტორია კახეთის გზატკეცილზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გადასახვევთან მდებარეობს.
კომპანიებს ტენდერში წინადადებების წარდგენა 29 სექტემბრამდე შეუძლიათ, ხოლო ახალი სტადიონის მშენებლობა კონტრაქტის გაფორმებიდან 51 თვის ვადაში უნდა დასრულდეს.
2025 წლის რთველში კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2025 წლის რთველის სუბსიდირების მოდელი წარადგინა. უწყების ინფორმაციით, კერძო კომპანიებზე ყურძნის შესასყიდ სუბსიდიას სახელმწიფო აღარ გასცემს და ჭარბ ყურძენს მხოლოდ სახელმწიფო "მოსავლის მართვის კომპანია" შეიძენს. ამასთან, აღნიშნული კომპანია რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თავად ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადასცა მართვაში. რთველი 2025 სუბსიდიის მოცულობა 50 მილიონი ლარი იქნება. ამასთან, განსხვავებული იქნება ხარისხიანი და დაზიანებული ყურძნისთვის გასაცემი სუბსიდიის ფასიც. კერძოდ, დაზიანებული ყურძნის შესყიდვა 20%-ით უფრო იაფად მოხდება, ვიდრე ხარისხიანი ყურძნის. 2024 წლის რთველში მთავრობამ 35 მილიონი ლარის სუბსიდია გასცა კერძო კომპანიებზე, რომლებიც შეიძენდნენ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს, კილოგრამს 1 ლარად. აღნიშნულმა კომპანიებმა თითოეულ ჩაბარებულ კილოგრამზე მთავრობისგან 20 თეთრის სუბსიდია მიიღეს. 2025 წლის რთველში სუბსიდიის გაცემის აღნიშნული მოდელი გამოყენებული აღარ იქნება.
ზემო-ოსაიური ჩუმათელეთის 6.4-კილომეტრიანი მაგისტრალი გაიხსნა
16 აგვისტოს გაიხსნა აღმოსავლეთ დასავლეთის მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის 4-ზოლიანი, 6.4 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი. გზა მოიცავს 11 ხიდსა და 5 გვირაბს.
ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის გზის მეორე მონაკვეთი, ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის გაგრძელებაა. ახალი გზა გვერდს აუვლის სურამსა და ჩუმათელეთს და რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ გვირაბს შეუერთდება. გზის ამ მონაკვეთის მშენებლობის ხელშეკრულება 2020 წლის დეკემბერში გაფორმდა და ის 4 წელში უნდა დასრულებულიყო. გზის მშენებლობას 265 მილიონი ლარით მსოფლიო ბანკი აფინანსებს, ხოლო მისი კონტრაქტორი ჩინური კორპორაცია “სინოჰიდრო” აშენებს. ზემო ოსიაური ჩუმათელეთის გზის მშენებლობისთვის თავდაპირველად კონტრაქტი 2017 წელს კომპანია Astaldi-სთან გაფორმდა, თუმცა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც მთავრობამ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა და დავა დაიწყო.
ივლისში საქართველოს ექსპორტი 11%-ით შემცირდა
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ივლისში საქართველოდან უცხოეთში 609 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით ნაკლებია.
თუმცა, ჯამურად, იანვარ-ივლისში საქართველოს ექსპორტი 3.8 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 8.9%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება იმპორტს, ივლისში ის 1.46 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 6.7%-ით არის შემცირებული, ხოლო იანვარ-ივლისში კი მისი მოცულობა 10.3 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 10.8%-ით არის გაზრდილი.
საქსტატი ივლისის თვის საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს 19 აგვისტოს გამოაქვეყნებს, რითიც გაირკვევა თუ რა საქონლის ექსპორტი არის შემცირებული.
სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილისთვის 11-წლიანი პატიმრობის განაჩენი ძალაში დატოვა
სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ძალაში დატოვა.
2025 წლის 10 მარტს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გიორგი ბაჩიაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.მოსამართლემ ბაჩიაშვილს თანხის მითვისების ნაწილში 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.




























