გთავაზობთ გასული კვირის (12-18 მაისი) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.
აპრილში ფულადი გზავნილები 6%-ით, 295 მილიონ დოლარამდე გაიზარდა
2025 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 295.54 მლნ აშშ დოლარი (814.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 6.1%-ით (17.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
გზავნილებში პირველ ადგილს აშშ იკავებს 54 მილიონი დოლარით, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით მეტია. მეორე პოზიციას იკავებს იტალია 50 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 10%-ით არის გაზრდილი, ხოლო რუსეთის ფედერაციიდან გზავნილები 19%-ით შემცირდა და მან 39.9 მილიონი დოლარი შეადგინა.
აპრილში ექსპორტი 41%-ით, 617 მილიონამდე გაიზარდა
ექსპორტმა 617 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-ით მეტია. იმპორტის მოცულობა კი 1.4 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურ ჭრილში 4%-ით არის შემცირებული.
ექსპორტი 2 მილიარდი დოლარი იყო (გაიზარდა 14 %), ხოლო იმპორტი 5.741.3 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 15.7 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-აპრილში 3 726.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.1 პროცენტია.
მისოებმა 2025 წლის პირველ კვარტალში 29 მილიონი ლარის მოგება მიიღეს
2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 29 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ამის შესახებ მისოების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მისოების წმინდა მოგება 0.3 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
თუმცა, 2025 წლის პირველ კვარტალში მიკროსაფინანსო სექტორის ჯამურმა საკრედიტო პორყფელმა 1.55 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს თანხა 2024 წლის მესამე კვარტალთან, შედარებით 407 მილიონი ლარით ნაკლებია, რაც დაკავშირებულია აღნიშნული პერიოდის შემდეგ ორი მისოს - კრისტალის და MBC-ის მიკრობანკებად გარდაქმნასთან, რის გამოც მათმა საკრედიტო პორტფელმა საბანკო სფეროში გადაინაცვლა და მისოებს მოაკლდა.
მისოებს 200,000 ლარამდე სესხების გაცემა შეეძლებათ
16 მაისიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროკრედიტის ლიმიტი გაორმაგდა. კერძოდ, ძალაში შევიდა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ" კანონში ცვლილება, რომლის თანახმადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის მაქსიმალური ლიმიტი 200 000 ლარამდე იზრდება. ამ დრომდე ეს ლიმიტი 100 000 ლარს შეადგენდა.
როგორც მიკროსაფინანსო ასოციაციაში აცხადებენ, კრედიტის ლიმიტის 200 000 ლარამდე გაზრდით სექტორს საშუალება ექნება, არსებული კლიენტები შეინარჩუნოს.
თურქული Eksim Holding-ი საქართველოში 280 მეგავატის ქარის ელექტროსადგურების განვითარებას გეგმავს
თურქეთის Eksim Holding-ი საქართველოში, ქარის ელექტროსადგურების მშენებლობას გეგმავს. კომპანიას უკვე წარდგენილი აქვს ზესტაფონის, გორის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში ამ სადგურების გზშ დოკუმენტაცია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან შესაბამისი ნებართვის მიღებას ელის. კომპანიის პროექტი ორი 80-მეგავატიანი და ერთი 100-მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობას მოიცავს. მთლიანობაში კომპანია საქართველოში 37 ქარის გენერატორის აშენებას გეგმავს.
Eksim Holding-ი საქართველოს ენერგეტიკის სისტემაში ინვესტიციებს 2007 წლიდან ახორციელებს. კომპანიის შვილობილი “აჭარ ენერჯი 2007” 2017 წლიდან ახორციელებს 47.5 მეგავატის სიმძლავრის ხელვაჩაური ჰესი 1-ის ოპერირებას, 2018 წლიდან კი კომპანია 51.2 მეგავატის სიმძლავრის კირნათი ჰესს მართავს.
საქართველო UNWTO-ს გენერალური მდივნის პოსტზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურას აღარ წარადგენს და მხარს UAE-ს კანდიდატს დაუჭერს
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ქართველი ხელმძღვანელი, ზურაბ პოლოლიკაშვილი თავის ვერსიას ყვება, რატომ მოხსნა „ოცნებამ“ მისი კანდიდატურა აღნიშნულ თანამდებობაზე. პოლოლიკაშვილმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ ამის მიზეზი თეა მაისურაძის თანამშრომლად აყვანა გახდა. საქმე ის არის, რომ თეა მაისურაძე ჩეხეთში საქართველოს ყოფილი ელჩი იყო, რომელმაც თანამდებობა გასული წლის დეკემბერში იმ მიზეზით დატოვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც პოლოლიკაშვილი ყვება, მაისურაძის მიერ ელჩის თანამდებობის დატოვების შემდეგ, გადაწყვიტა, იგი კამპანიაში დახმარების მიზნით, რამდენიმე თვით თანამშრომლად აეყვანა. პოლოლიკაშვილი ამბობს, რომ ეს ფაქტი "ოცნებას" არ მოეწონა და მათი მხრიდან კატეგორიული მითითება იყო, რომ თეა მაისურაძე სასწრაფოდ მოეხსნა თანამდებობიდან.
ავარიული ხიდი მდინარე არაგვზე ახალი პარალელური ხიდით ჩანაცვლდება, მას დაჩქარებული წესით გზშ-ს გარეშე ააშენებენ
საქართველოს მთავრობამ საავტომობილო გზების დეპარტამენტს ფორსმაჟორის გამო, მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის ნებართვა გზშ-ის, ანუ გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე მიანიჭა. მთავრობის 8 მაისის განკარგულების თანახმად, აღნიშნული ფორსმაჟორული ვითარებიდან გამომდინარე არის აუცილებელი. ახალი ხიდი მდინარე არაგვზე არსებული ხიდის პარალელურად აშენდება.
მთავრობა მოელის, რომ სებ-ი წელს $700-800 მილიონს იყიდის
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ 2025 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი 700-800 მილიონი დოლარის სავალუტო რეზერვების შესყიდვას შეძლებს. კაკაურიძის თქმით, სებ-ს ამის შესაძლებლობას ქვეყანაში არსებული სავალუტო შემოდინებები აძლევს.
ცნობისთვის, 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 208 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. რეზერვების ეს მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 296 მილიონი დოლარით, ანუ 6%-ით ნაკლებია.




























