2026 წლის აგვისტოში უცხოეთიდან საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 295.17 მილიონი აშშ დოლარი (772.7 მლნ ლარი) შეადგინა. ეს მაჩვენებელი 8.2%-ით (26.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2025 წლის აგვისტოს ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში შემოსული გზავნილების 96.3% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც აგვისტოში თითოეულთან 1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ჩაირიცხა.
გზავნილების ნახევარზე მეტი 50.80% (149.93 მლნ აშშ დოლარი) ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოვიდა, სადაც წლიურმა ზრდამ 3.91% შეადგინა. ცალკეულ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს აშშ იკავებს 64.14 მლნ დოლარით (მთლიანი მოცულობის 21.73%, ზრდა - 8.17%). მას მოსდევს იტალია (55.22 მლნ დოლარი, ზრდა — 3.48%), გერმანია (31.31 მლნ დოლარი, ზრდა - 6.84%) და საბერძნეთი (28.24 მლნ დოლარი, ზრდა - 12.40%).
კვლავ მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა ისრაელი, საიდანაც აგვისტოში 27.92 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა (ზრდა - 24.88%).
ყველაზე დიდი კლება რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა. აგვისტოში რუსეთიდან მხოლოდ 5.07 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 87.74%-ით ნაკლებია. კლება დაფიქსირდა ყირგიზეთშიც (-80.44%), საიდანაც 2.19 მლნ დოლარი ჩაირიცხა.
რაც შეეხება ქვეყნიდან თანხის გადინებას, 2026 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.6 მილიონი აშშ დოლარი (88.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა. ეს მაჩვენებელი 2025 წლის აგვისტოსთან (35.7 მლნ აშშ დოლარი) შედარებით 5.8%-ით ნაკლებია.
























