მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში - 14-20 აპრილი

დოლარი

გთავაზობთ გასული კვირის - 14-20 აპრილის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.

მარტში საქართველოს ექსპორტი 8%-ით, 566 მილიონამდე გაიზარდა, იმპორტი 14%-ით

საქსტატმა მარტის თვის საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, გასულ თვეში საქართველოს ექსპორტმა 566 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება იმპორტს, იმპორტი უფრო მეტად 14%-ით გაიზარდა და ის მარტში 1.4 მილიარდი დოლარის ტოლი იყო.

მთლიანობაში იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 619 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.2%-ით მეტია. საქართველოს ექსპორტი 1.4 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 5.7%-ით არის მომატებული, ხოლო იმპორტი 4.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით.

I კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი $835 მლნ-მდე გაიზარდა - Galt & Taggart

Galt & Taggart-ის შეფასებით, 2025 წლის მარტში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 8.7%-ით გაიზარდა და 300 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული. "ჯამურად, 2025 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.4%-ით გაიზარდა და 835 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, ჩვენი შეფასებით. ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ დოლარს მიაღწევს 2025 წელს", - აღნიშნულია მიმოხილვაში.

მარტში ფულადი გზავნილები 4%-ით, $292 მილიონამდე გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2025 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 292 მლნ აშშ დოლარი (811.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 4%-ით (10.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სებ-ის სტატისტიკის თანახმად, ფულადი გზავნილების მატება ძირითადად აშშ-დან გადმორიცხვების 22%-იან ზრდას უკავშირდება, რამაც გასულ თვეში 55 მილიონი დოლარი შეადგინა. ასევე 7%-ით გაიზარდა გზავნილების მოცულობა იტალიიდან და მან 50 მილიონს მიაღწია, რუსეთის ფედერაციიდან კი გზავნილები 29%-ით შემცირდა და მისი ზომა მარტში 38 მილიონ დოლარს შეადგენდა.

მარტში საქართველოს საგარეო ვალი 138 მილიონით გაიზარდა

მარტში საქართველოს საგარეო ვალი 138 მილიონი დოლარით გაიზარდა - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. სტატისტიკის თანახმად, საგარეო ვალმა 2025 წლის 31 მარტს 8.7 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ვალის მატების მთავარი მიზეზს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ვალის სავალუტო კომპოზიცია. საქმე ისაა, რომ ვალის ორი მესამედი ევროში არის ნომინირებული, ხოლო ევრო ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში გამყარების მკვეთრ ტენდენციას ინარჩუნებს. ამის გამო, დოლარში გამოსახული ვალის მოცულობაც იზრდება.

მისოებს 200,000 ლარამდე სესხების გაცემა შეეძლებათ - კანონი ამოქმედდა

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ" კანონში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გასაცემი მიკროკრედიტების მაქსიმალურ ლიმიტი 100 000-დან 200 000 ლარამდე გაიზარდა. ამ ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი, რომლის თანახმადაც ეს ნაბიჯი სექტორის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

არსებული მდგომარეობით, მისოების საკრედიტო პორტფელების ჯამური მოცულობა 2 მილიარდ ლარს შეადგენს, აქედან სესხების 95% ფიზიკურ პირებზე მოდის, ხოლო კრედიტების რაოდენობა 889,760-ია. სებ-ისთვის წარდგენილი მონაცემების თანახმად, ამ სეგმენტში ერთი კრედიტის საშუალო ზომა 2,192 ლარს შეადგენს. რაც შეეხება იურიდიულ პირებზე გაცემულ კრედიტებს, მისი პორტფელია 20 მილიონი ლარი, მსესხებელთა რაოდენობაა 676, ხოლო ერთი სესხის საშუალო ზომა 29,280 ლარია. შესაბამისად, ლიმიტის გაზრდა მისოებს სწორედ ამ სეგმენტში მისცემს უფრო დიდი ზომის სესხების გაცემის შესაძლებლობას.

ავარიის გამო, ქვეყნის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა

კავკასიონის ხაზის გათიშვის გამო, 19 აპრილს საქართველოს ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა

ელექტროენერგია 19 აპრილის დაახლოების 11:30 წუთისთვის საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შეწყდა. თბილისში გათიშული იყო მეტროპოლიტენიც.

"ოცნება" ამტკიცებს, რომ ეფექტიანობის დეპარტამენტი აუდიტის სამსახურის ფუნქციას არ შეითავსებს

მთავრობის ადმინისტრაციას აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების და თანამდებობის პირების, ასევე სსიპ-ების, სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილი საწარმოების და არასამეწარმეო იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის ფუნქცია ენიჭება.

"ოცნებამ" პარლამენტში უკვე დაიწყო კანონპროექტის განხილვა, რომლითაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი უნდა შეიქმნას. ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

"ქართული ოცნების" მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას განაცხადა, რომ დეპარტამენტის შექმნის შედეგად აუდიტის სამსახური არ დაკარგავს ფუნქციას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები