გთავაზობთ გასული კვირის - 16-22 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში:
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავეს
მიმდინარე კვირის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ მიქაუტაძეს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.
როგორც პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 2017 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში, როდესაც იკავებდა სხვადასხვა უწყებაში მაღალ თანამდებობებს, სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
მას 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი ბერაია გახდა
შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა. უწყების ცნობით, მან ამ პოზიციაზე ლევან კაკავა ჩაანაცვლა. ცნობისთვის, მანამდე - აპრილის დასაწყისში ირაკლი ბერაია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად დანიშნეს. შემოსავლების სამსახურის უკვე ყოფილმა უფროსმა ლევან კაკავამ კი თანამდებობა 16 ივნისს დატოვა. აღნიშნულ თანამდებობას იგი 2019 წლიდან იკავებდა.
საქართველოში საშუალო ხელფასი 2 170 ლარამდე გაიზარდა
საქსტატის ცნობით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასმა 2 170 ლარი შეადგინა, რაც საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით, ხელზე 1736 ლარის ხელფასს ნიშნავს. საშუალო ხელფასის მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.7%-ით არის გაზრდილი.
საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 255.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.6%-ით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 402.5 ლარი, გაიზარდა 12.1%-ით) სფეროებში.
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 18 ივნისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს. სებ-ი მიუთითებს, რომ 2025 წელს მოსალოდნელია, რომ საშუალოდ ინფლაცია 3.8%-ს მიაღწევს, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში ის სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს დაუახლოვდება. ამასთან, მაისში ინფლაცია 3.5%-ს შეადგენდა.
ევროპარლამენტი და საბჭო უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებაზე შეთანხმდა
ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ შეთანხმებას მიაღწიეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ მექანიზმზე. ეს მექანიზმი ევროკავშირს შესაძლებლობას აძლევს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილდებიან. ინფორმაციის მიხედვით, ცვლილებების შედეგად, ევროკავშირი უკეთეს მდგომარეობაში იქნება, რეაგირება მოახდინოს ისეთ შემთხვევებზე, როცა უვიზო მიმოსვლა ბოროტად გამოიყენება ან ევროკავშირის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს. უვიზო მიმოსვლის შეჩერების მიზეზი, შესაძლოა გახდეს ევროკავშირის ურთიერთობის გაუარესება მესამე ქვეყანასთან, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებით.
ამას გარდა, შეჩერების საფუძველი ასევე შეიძლება გახდეს უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყნის ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შეუსაბამობა, იმ შემთხვევებში, როდესაც ამ ქვეყნის გეოგრაფიულმა სიახლოვემ, მესამე ქვეყნების მოქალაქეების არაავტორიზებული შესვლის ზრდა გამოიწვია. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების ახალი საფუძველია ასევე ინვესტორის მოქალაქეობის სქემის ფუნქციონირება, რომლის მიხედვითაც წინასწარ განსაზღვრული საფასურის ან ინვესტიციების სანაცვლოდ, მესამე ქვეყნის მოქალაქეობა ენიჭებათ ისეთ პირებს, რომლებსაც არ აქვთ მასთან შესაბამისი კავშირი. ასევე ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლების ან გაეროს წესდების სერიოზულ დარღვევებს.
უკანონო შრომით მიგრაციასთან ბრძოლის მიზნით, "ოცნება" კანონს ამკაცრებს
კანონპროექტის თანახმად, რომელიც ერთპარტიულ პარლამენტს უკვე წარედგინა და დაჩქარებულად განიხილება, შემუშავდება და დაინერგება უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური სამუშაო უფლების გაცემის მექანიზმი. ამასთან, დამრღვევი მიგრანტებისთვის ჯარიმა შემოდის, ხოლო დამსაქმებლებისთვის - იზრდება.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მოქმედი კანონმდებლობით: საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებისთვის სავალდებულოა მხოლოდ მისი შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია (რომელსაც ახორციელებს ამ უცხოელის დამსაქმებელი). ამავდროულად, კანონმდებლობა არ ადგენს მექანიზმებს, რომლითაც შრომის ბაზრის ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს საშუალებას მისცემდა უარი ეთქვა უცხოელისთვის საქართველოში დასაქმებაზე.
დოკუმენტში მოყვანილია სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ 2022-2023 წლებში, საზღვრის კვეთის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში შემოვიდა 239 334 უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც დარჩა მინიმუმ 6 თვეს + 1 დღე. თუმცა, შრომის ბაზარზე სამინისტროს სისტემაში არსებული სტატისტიკის მიხედვით მხოლოდ 42 000 შრომითი იმიგრანტია რეგისტრირებული.
მაისში ფულადი გზავნილები 12%-ით $317 მილიონამდე გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 317.42 მლნ აშშ დოლარი (870.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.6%-ით (33.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის თანახმად, გზავნილებში პირველ ადგილს აშშ იკავებს 59 მილიონი დოლარით, საიდანაც გზავნილები წლიურად 25%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზეა იტალია 53 მილიონი დოლარით, საიდანაც გზავნილების მოცულობა 10%-ით გაიზარდა, მესამეზე კი რუსეთის ფედერაცია 44 მილიონი დოლარით, საიდანაც ფულადი გზავნილების მოცულობა 9%-ით არის შემცირებული.
იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $9,791 მლრდ შეადგინა
2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9 მლრდ 791 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.3%-ით მეტია. აქედან ექსპორტი წლის ჭრილში 14.6%-ით გაიზარდა და 2 მლრდ 595 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. იმპორტი კი 7 მლრდ 196 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც წლის ჭრილში 12.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 მლრდ 211 მლნ აშშ დოლარი), აშშ (1 მლრდ 133 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (1 მლრდ 56 მლნ აშშ დოლარი).
ოფიციალური სტატისტიკით, წლის პირველ 5 თვეში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 974.7 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 37.6%-ს შეადგენს და რეექსპორტს წარმოადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 136.5 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.3%), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 98.4 მლნ აშშ დოლარით (3.8%).
რაც შეეხება იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 მლრდ 299 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 18% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 494.6 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6.9%), ხოლო მესამე ადგილზეა სურათები, ნახატები და პასტელები (ხელით შესრულებული) 481.2 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6.7%).
BAG-ის ინდექსის თანახმად, II კვარტალში პირველთან შედარებით ბიზნეს-კლიმატი მცირედით გაუარესდა
BAG-ინდექსის თანახმად, 2025 წლის II კვარტალში ბიზნეს-კლიმატი მცირედით - 0.2 ქულით გაუარესდა, გასული წლის II კვარტალთან შედარებით კი - 6.2 ქულით გაუმჯობესდა (აღსანიშნავია, რომ გასული წლის მეორე კვარტალში საქართველოში "რუსული კანონის" წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, რაც იმ პერიოდის ბიზნესის კლიმატზეც შესაბამისად ისახებოდა).
ცნობისთვის, BAG ბიზნეს-კლიმატის მაჩვენებელი გამოითვლება BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე, რა დროსაც კომპანიები აფასებენ თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს.
BAG-ის მიხედვით, II კვარტალში I კვარტალთან შედარებით, გამოკითხული კომპანიების მიერ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 4.6 ქულით გაუმჯობესდა, ხოლო მომდევნო ექვსი თვის მოლოდინის მაჩვენებელი 5.7 ქულით გაუარესდა. რაც შეეხება გასული წლის II კვარტალთან შედარებას, მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 10.3 ქულით გაუარესდა, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის შეფასება 23.5 ქულით გაუმჯობესდა.
ტურიზმის ადმინისტრაციამ ჯეიმი ოლივერი ხელახლა დაიქირავა, ამჯერად - ₾2.3 მილიონად
ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კომპანია Jamie Oliver Production-თან კონტრაქტი 2025 წელზეც გაახანგრძლივა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბრიტანელი წამყვანის დაქირავება წელს ბიუჯეტს 630,120 გირვანქა სტერლინგის, ანუ 2,336,044 ლარის ხელშეკრულება გაუფორმა. ხელშეკრულება მიმდინარე წლის დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში. კონტრაქტის თანახმად, ოლივერი მის გადამღებ ჯგუფთან ერთად საქართველოს გადაცემის მოსამზადებლად წელსაც ესტუმრება. ჯეიმი ოლივერი ბრიტანელი წამყვანი და შეფია, რომელსაც Youtube-ზე 6 მილიონი, Instagram-ზე 10.5 მილიონი გამომწერი ჰყავს.
იგი საქართველოში 2024 წელს იმყოფებოდა და საქართველოს და ქართული სუფრის შესახებ მოამზადა გადაცემა. აღნიშნული მომსახურება ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 979,400 გირვანქა სტერლინგი ანუ 3,228,885 ლარი დაუჯდა. შესაბამისად, ორივე კონტრაქტის ჯამური ღირებულება 1.6 მილიონი გირვანქა სტერლინგი, ანუ 5.6 მილიონი ლარია.




























