პარლამენტის არჩევნებამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 14%-იან ნიშნულზე დატოვა.
საერთაშორისო მედია წერს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომიდან ოთხ-ნახევარი წლის თავზე, კრემლისთვის მომავალი არჩევნები საზოგადოებრივი განწყობებისა და დაღლილობის ერთგვარი ინდიკატორი იქნება. 2.6 ტრილიონი დოლარის მოცულობის რუსული ეკონომიკა გასულ წელს მკვეთრად შენელდა, ხოლო 2026 წელს მისი ზრდა ნულოვან ნიშნულთან ახლოს არის მოსალოდნელი. ამის მთავარ მიზეზებად მაღალი საპროცენტო განაკვეთი, დასავლური სანქციები, ეკონომიკურ ობიექტებზე უკრაინული დარტყმები და ძლიერი რუბლი სახელდება.
„მთლიანობაში, 2026 წლის მესამე კვარტალში ეკონომიკა ზომიერი ტემპით იზრდება. თუმცა, ბოლო თვეებში მიმდინარე საფასო ზეწოლა მნიშვნელოვნად გაიზარდა“, - ნათქვამია ცენტრალური ბანკის ოფიციალურ განცხადებაში.
ბიზნესსექტორი აქტიურად მოუწოდებდა ბანკს განაკვეთის შემცირებისკენ და ამტკიცებდა, რომ არსებული პირობებით ინვესტიციებისთვის სესხის აღება აზრს მოკლებულია, ხოლო ეკონომიკური ზრდა მანამ ვერ აღდგება, სანამ განაკვეთი 12%-ზე დაბლა არ ჩამოვა. ცენტრალური ბანკი კი საპასუხოდ აცხადებს, რომ წლის დასაწყისთან შედარებით ინვესტიციების აღდგენა მაინც შეინიშნება.
აღსანიშნავია, რომ BRICS-ის წევრ ქვეყნებს შორის რუსეთსა და ბრაზილიას ყველაზე მაღალი ძირითადი განაკვეთები აქვთ. ინფლაცია, რომელიც წლის დასაწყისში შენელებული იყო, ივნისში კვლავ გაიზარდა მას შემდეგ, რაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონების შეტევებმა საწვავის დეფიციტი და ფასების ნახტომისებური ზრდა გამოიწვია, რამაც თავის მხრივ სატრანსპორტო ხარჯები და პროდუქციის ფასები გააძვირა.
ცენტრალურმა ბანკმა პირდაპირ მიუთითა, რომ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები ფასების ზრდის მთავარი ფაქტორია და მას „ცალკეულ სექტორებში საწარმოო სიმძლავრეების დროებითი შემცირების ეფექტი“ უწოდა.
























